ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026

გაეროს სესიის დასკვნითი ეტაპი და ქართული დელეგაცია

საპარლამენტო დელეგაციის ევროპული ტურნეს მიზანი

ფერმერების ნაწილმა თხილი საერთოდ არ დაკრიფა და მოსავალი ბაღებში ჩატოვა

* * *

გაეროს სესიის დასკვნითი ეტაპი და ქართული დელეგაცია

“ქართული დელეგაცია კვლავ ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. სესიის გენერალური დებატები 22 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. 24 სექტემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. სესიის მთავარი თემაა - “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც მუშაობს ყველასთვის”. მანამდე, 22 სექტემბერს კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა. კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში ვიზიტი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრითა და “მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში” მონაწილეობით დაიწყო. ოპოზიცია კობახიძის ვიზიტს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ დასავლელ ლიდერებთან გადაღებული ”ფოტოები სჭირდება იმისთვის, რომ ხალხი მოატყუოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნიუ იორკში პრემიერის ვიზიტის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე - გაეროს სესიის დასკვნითი ეტაპი და ქართული დელეგაცია.

“ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გაეროს ასამბლეის ფარგლებში მნიშვნელოვანია, თუმცა მათგან პოლიტიკური “გარღვევის” მოლოდინი ამ ეტაპზე არ უნდა არსებობდეს. “ვიზიტი მნიშვნელოვანია, ჩანს, რომ დასავლელი ლიდერები თვითონ არიან უხერხულ მდგომარეობაში, რომლებიც ჩაებნენ ცილისწამების უბინძურეს კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობდა და დღემდე არა უღიარებიათ ეს და აღარ უნდათ ამაზე ლაპარაკი, ერთი მხრივ, მზად არიან სხვადასხვა ასეთ შეხვედრებზე ხელი ჩამოართვან. თუმცაღა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა დიდი გარღვევაა, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, საქართველო სუვერენული და ძალიან მყარია, ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში ეკონომიკური ბუმია. იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნებში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც პრობლემებია”, ამბობს მამრაძე, რომლის აზრით, “ასეთი შეხვედრებისგან ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვთქვათ გამოვა ვინმე, ვთქვათ, ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება თუ სხვა და იტყვის, რომ აი დადგა ის დრო, ჩვენ ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მართალი იყო და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ამ მთავრობასთანო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აი, ეს ჯერ არ არის მოსალოდნელი, იმიტომ რომ მათთვის ძალიან მძიმე იქნება. სამაგიეროდ. ასეთი შეხვედრების შემდეგ შეიძლება იყოს რაღაცა თანამშრომლობა კონკრეტული ეკონომიკური, ტექნიკური და ასე შემდეგ, რომელიც ზედმეტი ხმაურის გარეშე შეიძლება წარმატებულად წარიმართოს, რაც კარგი იქნება საქართველოსთვის”, - მიიჩნევს მამრაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკურ აღიარებას არ ნიშნავს. მისი თქმით, მსგავსი კონტაქტები პროტოკოლური ხასიათისაა და “ქართული ოცნება” მათ საზოგადოების დასარწმუნებლად იყენებს, თითქოს დასავლეთმა ხელისუფლებასთან დამოკიდებულება შეცვალა. ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის კრიტიკული პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ კვლავ უცვლელია”, - დასძენს გამოცემა.

“ისევ “ოცნების” პროპაგანდა ამუშავდა. ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რაკი ასეთი შეხვედრები იმართება და ირაკლი კობახიძეს ესალმებიან, თითქოს დასავლეთი ხელისუფლებას აღიარებს და აქეთ ეხვეწება ურთიერთობას. სინამდვილეში, ეს არის წმინდა პროტოკოლური ხასიათის შეხვედრები. ის, რომ თითქოს სპეციალურად კობახიძეს შეხვდნენ, რეალობას არ შეესაბამება. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელიც ყოველი სექტემბრის მესამე სამშაბათს იწყება, სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები იკრიბებიან და ერთ დარბაზში მყოფი ლიდერები ერთმანეთს ესალმებიან - თუნდაც სრულიად განსხვავებული. მაგალითად, რუბიომ განაცხადა, რომ მზადაა ასამბლეის ფარგლებში ირანის დელეგაციას შეხვდეს, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ დასავლეთის კრიტიკა ისეთივე დარჩება, როგორიც ადრე იყო. გაერო შედგება როგორც დემოკრატიული, ისე ნაწილობრივ დემოკრატიული და ავტორიტარული ქვეყნებისგან. ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება იყოს გაეროს წევრი. ამიტომ, ამ ჩვეულებრივი პროტოკოლური პროცესის ისე გასაღება, თითქოს მხოლოდ საქართველო ცნეს და აღიარეს, არის უბრალოდ საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

საპარლამენტო დელეგაციის ევროპული ტურნეს მიზანი

“პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპულ ტურნეშია - შალვა პაპუაშვილი ბელგიის შემდეგ ლუქსემბურგში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერთან, მათ შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ევროპული ტურნე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროპულ ქვეყნებთან საპარლამენტო და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მცდელობების ფონზე მიმდინარეობს. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე (საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე); ლევან მახაშვილი (პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე) და დავით მათიკაშვილი (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საპარლამენტო დელეგაციის ევროპული ტურნეს მიზანი - რა როლს შეასრულებს ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაში.

“ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპულ დედაქალაქებში ქართველი მაღალჩინოსნების ვიზიტები და შეხვედრები აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობა გრძელდება და სანქციებისა თუ პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, კომუნიკაციის სივრცე კვლავ არსებობს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები, მათ შორის მაღალი დონის კონტაქტები, არ ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინსვლას. მათი შეფასებით, ევროპელი დიპლომატები ხელისუფლების წარმომადგენლებს დახურულ შეხვედრებზე მკაფიოდ ესაუბრებიან არსებულ პრობლემებზე, ხოლო საჯარო შეხვედრების გამოყენება ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ამომრჩევლის თვალში ევროპასთან ურთიერთობის შენარჩუნების სურათი შექმნას. ოპოზიციაში კი მწვავედ აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ ევროკავშირისთვის დიალოგის დაბრუნებისკენ მოწოდება “წარმოუდგენელი უტიფრობაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს დიალოგისკენ დაბრუნებისკენ აქეთ რომ მოუწოდებს, წარმოუდგენელი უტიფრობაა. ქვეყანას ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული და როგორ უნდა დაჯდეს დიალოგის მაგიდასთან პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ტყუილს ტყუილზე ამბობს და ამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს გაუქმებითა და აკრძალვით ემუქრება. თან ევროკავშირს აქეთ მოუწოდებს დიალოგისკენ, თითქოს დიალოგი ევროკავშირმა აქეთ შეაჩერა”, - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი შარაშიძემ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სტრატეგია შედეგიანია და ამის დასტურად ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ქართველი მაღალჩინოსნების ინტენსიურ შეხვედრებს ასახელებს. მისი შეფასებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად, ევროპელი ლიდერების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიღება სასანქციო პოლიტიკის წინააღმდეგობრივობას აჩვენებს და “დამაზიანებელია ევროკავშირის რეპუტაციისთვის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხელისუფლების ეს სტრატეგია ეფექტურად მუშაობს, ბოლო პერიოდში ვხედავთ საკმაოდ ინტენსიურ შეხვედრებს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან. თუმცა, აქ გარკვეული პარადოქსი შეექმნათ თავად ევრობიუროკრატებს. გასაგებია, რომ მაღალჩინოსნები დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ ვერ ჩადიან, თუმცა, ისინი ჩვეულებრივი პასპორტებითა და შენგენის ვიზებით მოგზაურობენ ევროპაში. ეს “სანქციობანა”, უწინარესად თავად ევრობიუროკრატიას აზიანებს, რომელსაც არაშორსმჭვრეტელური ხედვები აქვს. ეს ეხება არამხოლოდ გეოპოლიტიკას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით, არამედ საერთაშორისო საკითხებსაც... ფაქტი ერთია: ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრა რომ არ სურდეთ, არც მოწვევა იქნებოდა და არც მასპინძლობა. შესაბამისად, ეს პროცესი გრძელდება და ორმხრივი ურთიერთობის ჭრილში კიდევ უფრო ფართო, ინტენსიურ და დინამიკურ მასშტაბებს მიიღებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ევროპაში ვიზიტები ამომრჩევლისთვის იმის საჩვენებლად გამოიყენება, თითქოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. მისი თქმით, რეალურად ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ხოლო ევროპელი პარტნიორების მკაცრი შეფასებები ხშირად დახურულ შეხვედრებზე რჩება. “ეს სიარული ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ, საქართველოს პირობებით ევროკავშირმა შექმნას გარკვეული გარანტიები, თითქოს მომავალში საქართველოს პერსპექტივები აქვს. ევროპელები დიპლომატები არიან და “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, რომლებიც უხეშად ლაპარაკობენ, ისე საუბრობენ, რომ მათი ნათქვამი შეიძლება ასეც წაიკითხო და ისეც”, - თვლის ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, “ოცნების” მთავარი ამოცანა კი საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნებაა იმაში, თითქოს ევროპაში მიდიან. სინამდვილეში ისინი ევროპაში არ მიდიან”, - დასძენს გამოცემა.

“ასეთი მგზავრობებისას, ევროპელები ძალიან მკაცრად ეტყვიან, თუმცა დახურულ კარს მიღმა, კარებს მიღმა მათ ძალიან მკაცრად ელაპარაკებიან, რაც გარეთ არ გამოდის, შესაბამისად, პაპუაშვილმა ეს კარგად იცის. იგი ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარ ამომრჩეველს შეექმნას განცდა, რომ ევროპელები მას ელაპარაკებიან. ის მხოლოდ იმისთვის ჩადის, რომ ამომრჩეველს დააჯეროს, თითქოს ევროპასთან ყველაფერი რიგზეა. ამით არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, საქართველო ევროკავშირში არ მიდის, ყველა პროექტი გაჩერებულია და კანდიდატის სტატუსიც მხოლოდ ქაღალდზეა დარჩენილი. ვიდრე ეს ვითარება არ შეიცვლება, ჩვენ ვკარგავთ ევროპას ან ძალიან დიდი ხნით - მინიმუმ 10 წლით, ან სამუდამოდ. საუკეთესო მაგალითია მოლდოვა. ჩვენ და მოლდოვა ერთი კალიბრის ქვეყნები ვართ. უკრაინაში ომია და მას ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენ და მოლდოვა ერთნაირად მივდიოდით და გარკვეულ მომენტებში მოლდოვაზე წინაც კი ვიყავით. ახლა კი დაითვალონ, რამდენი დრო დასჭირდება საქართველოს გასაწევრიანებლად მას შემდეგ, რაც მოლდოვა გახდება წევრი - მოლდოვა იქნება თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა გაუკეთა “ოცნებამ” მათ შვილებსა და შვილიშვილებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რაც შეეხება დიალოგს, ეს ფარსია. დიალოგი კი არ უნდათ, 12 პირობა აქვთ შესასრულებელი. რა დიალოგზეა საუბარი? დიალოგი აქვს ყაზახეთს ან აზერბაიჯანს, ჩვენ კი ევროკავშირში მივდივართ. პირობების შესრულებაში დიალოგიც არის ჩადებული. ევროკავშირს არ დაუწერია განცხადება საქართველოში შემოსვლაზე, საქართველომ დაწერა განცხადება ევროკავშირში შესვლაზე. ევროკავშირი არის ერთი დიდი გაერთიანება, საქართველო კი, ერთ-ერთი კანდიდატი - სხვადასხვა წონითი კატეგორიებია. თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს ამბობ, მაშინ ელაპარაკე ისე, როგორც აზერბაიჯანი, რომელსაც ევროკავშირში შესვლის პრეტენზია არ აქვს და სულ სხვა საკითხებზე საუბრობს. საქართველოსთან კი ერთადერთი თემა, რაზეც დიალოგის ფორმატში შეიძლება საუბარი, არის ის, თუ რატომ არ ასრულებს განცხადებით ნაკისრ პირობებს”, - განმარტავს ზაქარეიშვილი.

ფერმერების ნაწილმა თხილი საერთოდ არ დაკრიფა და მოსავალი ბაღებში ჩატოვა

“თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა, რის გამოც ფერმერების ნაწილმა წელს მოსავლის აღება საერთოდ გადაიფიქრა. განსაკუთღებით რთული ვითარებაა სამეგრელოსა და გურიაში, სადაც თხილი მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია. უამინდობამ ხარისხი იმდენად გააუარესა, რომ პოტენციური შემოსავალი ხარჯს ვერ ფარავს, ამიტომ გლეხებმა ხელი საერთოდ ჩაიქნიეს. ამ ეტაპზე 1 კგ თხილი, საშუალოდ, 2-3 ლარი ღირს, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ღირებულება 6-7 ლარია, მაგრამ ასეთი ბაზარზე რეალურად არსად არის. შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ადგილობრივი თხილის სექტორისთვის განსაკუთრებით მძიმედ ფასდება. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განაცხადა, ხშირი წვიმის გამო, თხილის კრეფის პროცესი შეყოვნდა, რამაც ხარისხზე მძიმედ იმოქმედა. შედეგად, მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები - 40 000 ტონაზე ნაკლები მოსავალი აღირიცხა, როცა 2 თვის წინ მინიმუმ 45 000 ტონას ვარაუდობდნენ. საექსპორტო თხილის გულის მოცულობა, სავარაუდოდ, მხოლოდ 10 000–12 000 ტონას გაუტოლდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ფერმერების ნაწილმა თხილი საერთოდ არ დაკრიფა და მოსავალი ბაღებში ჩატოვა / ხარისხი იმდენად ცუდი აღმოჩნდა, რომ მიღებული შემოსავალი ხარჯს ვერ გადაფარავდა და ჩაბარების ფასიც 2-3 ლარამდე დაეცა.

“შემცირებულია თხილის გამოსავლიანობაც, ხოლო ფარული სიდამპლის საშუალო მაჩვენებელმა დასაშვებ ნორმას გადააჭარბა. ასოციაციის შეფასებით, მოსავლის სიმცირისა და შრომითი ხარჯების ზრდის ფონზე, წვრილი ფერმერების ნაწილმა მოსავლის აღებაზეც კი უარი თქვა. არსებობს რისკი, რომ საქართველომ ექსპორტზე საკმარისი რაოდენობის პროდუქცია ვეღარ გაიტანოს, რაც ქვეყნის პოზიციებს მსოფლიო თხილის ბაზარზე საფრთხეს უქმნის. ამჯერად მოსავლის აღების პროცესი ფინანსურად გაცილებით ძვირი დაჯდა. თუ ხუთი წლის წინ მუშის დღიური ანაზღაურება 40 ლარს შეადგენდა, ეტაპობრივი ზრდის შედეგად დღეს 100 ლარს მიაღწია. თხილის ფასის კლებამ, მცირე მოსავალმა და გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია ის, რომ ფერმერთა ნაწილს ფართობების გარკვეულ მონაკვეთზე თხილის დაკრეფა, უბრალოდ, აღარ უღირდა. სიტუაცია კახეთშიც რთულია, სადაც ფაროსანასა და უხვი ნალექის გამო, მოსავალი საგრძნობლად შემცირდა. შედეგად, ნაცვლად ნავარაუდები 45 000 ტონისა, წელს 40 000 ტონამდე მოსავალსაც ვერ მივუახლოვდებით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჭითანავა.

“ჩვენთვის მთავარი ფინანსური საზომი გაუტეხავი თხილი კი არა, ექსპორტზე გასატანი თხილის გულის მოცულობაა. ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა: წვიმებისა და დაზიანებების ფონზე, თუ ადრე გამოსავლიანობა 35-37% იყო, ახლა 30%-ზე დაბლა ჩამოვვარდით. სავარაუდოდ, წელს მაქსიმუმ 10 000–12 000 ტონა თხილის გული გვექნება მაშინ, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 16 000-17 000 ტონას შეადგენდა, რაც საექსპორტო მოდელს მძიმე დარტყმას მიაყენებს. პრობლემურია ხარისხის საკითხიც. თხილში ფარული სიდამპლის ნორმა 2%-ია, დღეს კი ჩვენი საშუალო მაჩვენებელი 6%-ს აღწევს. ეს კრიტიკული ფაქტორები კომპლექსურად მძიმედ აისახება სეზონზე. ყველაზე რთულ პირობებში ფერმერები და გადამამუშავებელი ქარხნები აღმოჩნდნენ, რომლებსაც რესურსი მინიმუმამდე შეუმცირდათ”, - განმარტავს ჭითანავა.

“წლევანდელი მოსავლით ფერმერებში ყველაგან უკმაყოფილებაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მცხოვრები თორნიკე ბესელია ამბობს, რომ სეზონის დასაწყისში არსებული მოლოდინი რეალობას სრულად ასცდა და მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა. ფერმერები ადასტურებენ, რომ ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ამინდის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა “მთელი სეზონი შევყურებდით მოსავალს, წამლობაც არ დაგვიკლია, ფაროსანასთან ბრძოლით დაიწყო თუ სხვა დაავადებების პრევენციით, ყველაფერი დროულად გავაკეთეთ. იმედი გვქონდა, რომ თხილს მინიმუმ 6-7 ლარად მაინც ჩავაბარებდით და გაწეულ შრომასა და ხარჯებს ამოვიღებდით. ამინდმა კი ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. გადაუღებელმა წვიმებმა მოსავალი, ფაქტობრივად, დაალპო და ხარისხი განადგურდა. ახლა 3 ლარადაც ვერ ბარდება თხილი. 2 ლარზე ძვირად ხალხი იშვიათად ყიდის. ასეთ ფასად ჩაბარება ნიშნავს, რომ თვითღირებულებასაც ვერ ვფარავთ”, - ამბობს თორნიკე ბესელია, რომლის თქმით, ფაქტობრივად, წაგებაზე მუშაობენ და არც იციან, ამ უიმედო მდგომარეობის ფონზე მომავალ წელს რითი უნდა უშველონ მეურნეობას და მოტივაცია დაკარგეს“, - დასძენს გამოცემა.

“სეზონის დასაწყისში, გლობალურ ბაზარზე მარაგების შემცირების ფონზე, ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი გასულ წელთან შედარებით 50–54%-ით გაიზარდა, ხოლო გასული საექსპორტო პერიოდის ჯამურმა შემოსავალმა 100 მილიონ აშშ დოლარს (16 000 ტონაზე მეტს) გადააჭარბა. წელს ვითარება რადიკალურად გაუარესდება. მომავალ სტატისტიკურ მონაცემებში ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდება. საქართველოს თხილის ექსპორტისგან მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნება”, - წერს სტატიის ავტორი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა