ანდრეი სიბიგა ნიუ-იორკში აბას არაღჩის შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრეი სიბიგამ და აბას არაღჩიმ შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართეს.
„ჩვენი საუბარი შეეხო ორმხრივ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას ისახავს. შევთანხმდით, რომ არსებულ ღია კომუნიკაციის არხებს შევინარჩუნებთ“, - წერს სიბიგა X-ზე.
ასევე, სიბიგას ცნობით, მხარეებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო ძალისხმევის საკითხები განიხილეს.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის პოზიცია, რომელიც ჩვენს რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას უჭერს მხარს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.