როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად სამშობლოს წინააღმდეგ, ეს ძალიან მძიმეა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ რუსთაველის პროტესტის მონაწილეების „ფსევდორელიგიურ სექტად“ მოხსენიებას.
მისი განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს, რომ რუსთაველის პროტესტის მონაწილეები უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმართებიან.
„ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს. ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად სამშობლოს წინააღმდეგ, ეს ძალიან მძიმეა. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს ზოგადად მსოფლიოში რა გამოწვევებია. მოქალაქეების უმრავლესობა დგას იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ ვრცელი წერილი გაავრცელა, რომელიც უწყვეტი საპროტესტო აქციების 666-ე დღეს უკავშირდება.
პაპუაშვილმა დედაქალაქში მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქციების მონაწილეებს “ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტა“ უწოდა.
„ფსევდორელიგიური სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება“,- წერს პაპუაშვილი.