ვახუშტი მენაბდე - „ოცნებას“ სურს აჩვენოს, რომ უკმაყოფილო მხოლოდ რუსთაველზე მდგომი ადამიანები არიან, სხვა ყველა კი კმაყოფილია, საერთო უკმაყოფილების ჩაფარცხვას ცდილობს - თუ პროტესტის გასანადგურებლად სამართლებრივი გზები დასჭირდებათ, ამაზეც წავლენ

რუსთაველის გამზირის პროტესტი იმ უკმაყოფილების სიმბოლოა, რომელიც საზოგადოებაში “ქართული ოცნების“ მიმართ არსებობს! ხელისუფლების პოზიციაც ნათელია - მას სურს, ეს პროტესტი რაც შეიძლება მალე გაანადგუროს - თუ ამას პროპაგანდის მეშვეობით მოახერხებს, ძალიან ბედნიერი იქნება, თუ ამისთვის სამართლებრივი ინსტრუმენტების დასჭირდება, ამაზეც წამსვლელია და თუ დასჭირდა, არც ფიზიკური ძალის გამოყენებაზე დაიხევს უკან, - ამ კონტექსტში აფასებს პოლიტიკური მოძრაობა “სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ პროტესტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს და წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს.

როგორც მენაბდემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუსმში“ განაცხადა, პაპუაშვილის წერილი კიდევ ერთი პროპაგანდისტული ნაბიჯია პროტესტის დისკრედიტაციისთვის.

მენაბდის აზრით, “ქართული ოცნება“ პროტესტის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს იმიტომ მიმართავს, რომ ის საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეამციროს, რაც ამ პროტესტს გააჩნია. მისივე თქმით, საზოგადოებაში პროტესტი არა მხოლოდ “ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკისა და მის მიერ გატარებული რეპრესიული საქმიანობის მიმართ არსებობს, არამედ პროტესტია ყველა მისი მმართველობითი საქმიანობის მიმართ - იქნება ეს განათლების რეფორმა, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა თუ ჯანდაცვის პოლიტიკა.

“იმის მიუხედავად, რომ რუსთაველის გამზირზე იმდენი ადამიანი აღარ იკრიბება, რამდენიც წარსულში იკრიბებოდა, ამ აქციებს სიმბოლური ხასიათი აქვს. ეს აქცია იმ უკმაყოფილების სიმბოლოა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში “ქართული ოცნების“ მიმართ არსებობს. ის, რომ ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი აღარ დგას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებში პროტესტი გაქრა, დაავიწყდათ ის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, კმაყოფილი არიან “ქართული ოცნების“ მმართველობით და მის მმართველობას ლეგიტიმურად მიიჩნევენ. უკმაყოფილება ისევ არსებობს, რაც “ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი შიდა კვლევებით ჩვენზე უკეთესად იცის ეს ყველაფერი ციფრებსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებში აქვს გაანალიზებული. ამიტომ არსებულ პროტესტს კვლავ ისე აღიქვამს, როგორც მანამდე აღიქვამდა - აღიქვამს როგორც ქართული საზოგადოების უკმაყოფილების გამოხატულებას!

“ქართული ოცნება“ პროტესტის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს იმიტომ მიმართავს, რომ შეამციროს ის საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც ამ პროტესტს გააჩნია. სხვა შემთხვევაში, თუ მართლა რამდენიმე ათეული და ასეული ადამიანის საკითხია, რატომ ხარჯავენ ამდენ დროს “ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირები და რატომ მოცდა პროპაგანდის მანქანა ამ პროტესტის საწინააღმდეგოდ ?

არის მეორე, გაცილებით უფრო ღრმა მიზეზი. ჩვენ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მწვავე სოციალური აფეთქება და უკმაყოფილება ვნახეთ. ვნახეთ კახელი მევენახეების პროტესტი და მასზე სახელმწიფოს რეაქცია, რომ მაშინვე უკან დაიხიეს და დათმეს ხედვა, რომელიც თითქოს და, მთელი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. ვნახეთ 21-ე საჯარო სკოლის ბედი და საზოგადოების წარმომადგენლების პროტესტი. აქაც ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ მეორე დღეს უკან დაიხია - სკოლა რომელიც გუშინ ინგრეოდა, აღმოჩნდა, რომ დღეს აღარ ინგრევა. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოებაში არა მხოლოდ “ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის და მის მიერ გატარებული რეპრესიული საქმიანობის მიმართ არის პროტესტი, არამედ პროტესტია ყველა მისი მმართველობითი საქმიანობის მიმართ იქნება ეს განათლების რეფორმა, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა თუ ჯანდაცვის პოლიტიკა. ეს უკმაყოფილება იზრდება და პროტესტი თვალსაჩინო ხდება. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლება საკუთარი ინიციატივით რუსთაველის პროტესტზე იწყებს ლაპარაკს და მთელს აქცენტს ამაზე აკეთებს - რატომ აკეთებს ამას? - ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ ჰყავს უკმაყოფილების ერთადერთი ჯგუფი და ესენი რუსთაველზე მდგომი ადამიანები არიან, ხოლო სხვა ყველა კმაყოფილია. ამით ყველას უკმაყოფილების ჩაფარცხვას ცდილობს. შალვა პაპუაშვილის წერილის ამოცანაა, გვაჩვენოს, რომ თითქოს ამ ქვეყანაში სხვა უკმაყოფილების ჯგუფი, გარდა რუსთაველზე მდგარი ოპონენტებისა, არ არსებობს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების“ სურვილია საზოგადოებაში ჩანერგოს აზრი, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები არამხოლოდ არასწორი პოლიტიკური სტრატეგიის მქონე ჯგუფის წარმომადგენლები არიან, არამედ რაღაც ბოროტ ძალებთან არიან შეკრული.

“ფსევდორელიგიური რიტორიკით ცდილობს მკითხველში აღძრას ასოციაციები ბოროტ, ანტირელიგიურ ძალებთან და ამით ეს პროცესი არამხოლოდ დააკნინოს, არამედ რაღაც შავ-ბნელ მაგიურ ძალებთან დააკავშიროს. შუასაუკუნეობრივი რიტორიკა და კუდიანებზე ნადირობა, რასაც ეს ტესტი ცდილობს, ერთის მხრივ, მიანიშნებს, როგორი ცუდი წარმოდგენისაა ეს რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების მიმართ, როგორ მარტივ და იაფფასიან რიტორიკას იყენებს და როგორ ჰგონია, რომ ეს რიტორიკა შეიძლება ეფექტიანი იყოს.

არ არსებობს რამე ისეთი, რასაც ამ რეჟიმისაგან არ ველი. მათგან ყველაფერი მოსალოდნელია - პარტიების აკრძალვიდან დაწყებული ინდივიდუალური პროტესტის აკრძალვით დამთავრებული. ჩვენ კონსტიტუციის - ქვეყნის უზენაესი კანონის ფეხქვეშ გათელვის ასეულობით მაგალითი ვნახეთ“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გადაცემაში საუბრის კიდევ ერთი თემა საკონსტიტუციო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლის სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის დანიშვნა იყო. მენაბდის თქმით, რამდენიმე დღეში გვეყოლება საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც განსხვავებული აზრი აღარ იარსებებს და სასამართლო სისტემა მთლიანად “კლანის“ ხელში იქნება.

“ამ ორმა დანიშვნამ აჩვენა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საკადრო პოლიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოში მთლიანად მოსამართლეთა კლანს გადაანდო. ორივე ეს ადამიანი მჭიდროდ არის დაკავშირებული კლანთან. აქედან ერთი კლანის სისტემაში იერარქიის მაღალ საფეხურზე მყოფი მოსამართლეა, ხოლო მეორე კლანის სამსახურში მყოფი მოსამართლის შვილი. ადრე “ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი საკადრო პოლიტიკა ჰქონდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე, სავარაუდოდ, ორი-სამი წლის წინ “ქართულ ოცნებასა“ და სასამართლოში მოქმედ კლანს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით, არა მხოლოდ საერთო სასამართლოების საკადრო პოლიტიკის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს საკადრო პოლიტიკის კონტროლი სასამართლოში მოქმედ კლანს გადაეცა“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები