ეკონომიკური ზრდის და სიმდიდრის განაწილების შესახებ საუბრობს მშიერი ბავშვების, დაუცველი პენსიონერებისა და უიმედობისგან ქვეყნიდან გაქცეული ასობით ათასი ქართველის დე ფაქტო პრემიერი - გაეროში კობახიძის გამოსვლა იყო ეროვნული მიზნის და ამბიციისგან დაცლილი უშინაარსო სადღეგრძელოებით გაძეძგილი სანახაობა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გეგელიას შეფასებით, დიალოგზე, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე საუბრობს იმ რეჟიმის ლიდერი, რომელიც კრემლში დაწერილი შეთქმულების თეორიებით ნახევარ მსოფლიოს სდებს ბრალს.
„გაეროში კობახიძის გამოსვლა იყო ეროვნული მიზნის და ამბიციისგან დაცლილი უშინაარსო სადღეგრძელოებით გაძეძგილი სანახაობა და არა ერის სუვერენული ინტერესების დამცველი ლიდერის სიტყვა. მშვიდობაზე საუბრობს პრემიერი, რომელმაც მთელს ცივილიზებულ სამყაროს ომი გამოუცხადა. ევროკავშირის სიკეთეებზე საუბრობს პრემიერი, რომელმაც ევროკავშირის ყველა სიკეთეს დააშორა ჩვენი ქართული სახელმწიფო. საერთაშორისო თანამშრომლობაზე საუბრობს პრემიერი, რომელმაც მოკლა ყველა სტრატეგიული პარტნიორობა და მათ აღსადგენად არაფერს არ აკეთებს. დიალოგზე, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე საუბრობს იმ რეჟიმის ლიდერი, რომელიც კრემლში დაწერილი შეთქმულების თეორიებით ნახევარ მსოფლიოს სდებს ბრალს გამოგონილ პარანოიულ სიცრუეებში. სტაბილურობასა და სუვერენულობაზე საუბრობს პრემიერი, რომლის მმართველობამაც ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა ქართულ სუვერენულობას და ვისი რეჟიმიც არასდროს არ იღებს ხმას სუვერენულობის დასაცავად. რეგიონულ ინიციატივებში თანმიმდევრულად ჩართულობაზე საუბრობს პრემიერი, ვის გამოც საქართველო არ მონაწილეობს არც ერთ ახალ რეგიონულ ინიციატივაში. სტრატეგიული ადგილმდებარეობის, შუა დერეფნისა და შეკავშირებადობის შესახებ საუბრობს პრემიერი, ვისმა რეჟიმმაც ჩაძირა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ვის გამოც საქართველო კარგავს თავის ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას, ვის გამოც საქართველო არ არის ტრამპის სახელობის უმნიშვნელოვანესი მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ნაწილი და არ არის მიწვეული არც ერთ მაგიდასთან, სადაც დღეს ამ რეგიონის ბედი წყდება. ეკონომიკური ზრდის და სიმდიდრის განაწილების შესახებ საუბრობს მშიერი ბავშვების, დაუცველი პენსიონერებისა და უიმედობისგან ქვეყნიდან გაქცეული ასობით ათასი ქართველის დე ფაქტო პრემიერი. სოფელსა და ქალაქს შორის უთანასწორობის შემცირებაზე საუბრობს პრემიერი, ვისი ხელისუფლების დროსაც გაქრა 200 ქართული სოფელი და შემდეგი 286 ქართული სოფელი დგას ამავე გაქრობის რისკის წინაშე. სამაგიეროდ, იგივე პრემიერი მხოლოდ ერთხელ ფორმალურად ახსენებს ოკუპაციას. მზარდი ანექსიის პროცესის და ოკუპაციის გაღრმავების ფონზე, არც ერთი რეალური სიტყვა ანექსიაზე, არანაირი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ იმაზე თუ რას მოელის და რას მოითხოვს საქართველო ცივილიზებული მსოფლიოსგან და რა თქმა უნდა, არც ერთი სიტყვა რუსეთზე, რომელიც ზრდის ზეწოლას ანექსიის მიმართულებით, რომელიც ღიად და დაუფარავად აგრძელებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევას. არც ერთი სიტყვა იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების პროცესში მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს არც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არც ის გენოციდი და ასობით ათასი დევნილი, რომელიც დღემდე სახლებში დაბრუნებას ელოდება და ვისაც სწორედ ამ „ქოცური“ რეჟიმის პარტნიორები არ უჭერენ ხოლმე მხარს გაეროს არც ერთ პლატფორმაზე. არც ერთი სიტყვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანაზე, რაც არის ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრიანება, რომელიც არის ქართველი ერის არჩევანი და რასაც ღიად უპირისპირდება და კლავს ივანიშვილის რეჟიმი, ის კობახიძე, რომელმაც არ გამოიყენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ ღიად და ხმამაღლა ეთქვა თუ რა არის ქართველი ხალხის ცივილიზაციური, ისტორიული, საგარეო პოლიტიკური განაცხადი. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი უღიმღამო უშინაარსო ყოველგვარი ეროვნული მიზნისა და ამოცანისგან დაცლილი პროპაგანდისტული გამოსვლა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ექნება ასეთი შეფასება საქართველოშიც და მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე. პრემიერის თქმით, ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი კარგად უნდა გვახსოვდეს, „საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ“. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ოკუპაციის თემაზე გაამახვილა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა. „დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს“,- აღნიშნა პრემიერმა. ამასთან პრემიერმა საერთაშორისო წესრიგზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობისთვის ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, ვინც საქართველოსთან მუშაობით არის დაინტერესებული. გარდა აღნიშნული თემებისა, პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს“, - აღნიშნა პრემიერმა.