აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილ სამხედრო პაკეტში Patriot-ის ტიპის რაკეტები არ იქნება, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იურიდიული ვალდებულება აიღო, რომ სრულად დახარჯავს 400 მილიონ დოლარს, რომელიც გასულ წელს აშშ-ის კონგრესმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაამტკიცა.
თუმცა, წყაროების თქმით, კიევის თხოვნის მიუხედავად, სამხედრო პაკეტში Patriot-ის სისტემის რაკეტები არ შევა.
ასევე, წყაროების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული 400 მილიონი დოლარიდან 307 მილიონის კონტრაქტები უკვე გააფორმა, ხოლო დარჩენილი 93 მილიონის დამტკიცება 30 სექტემბრამდე იგეგმება.
უკრაინისთვის თავდასხმითი იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდება მიმდინარე თვეში დაიწყო, ხოლო დარჩენილი შეიარაღების მიწოდება შეიძლება 2029 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდეს.