ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი დავითაძეზე - პრობლემას თვითონ ამ პიროვნების ქცევაში ვხედავ - წინა ხელისუფლებას რა ცოდვებიც ჰქონდა, ახლა ცდილობენ, იმაში სხვაც გასვარონ

მე პრობლემას თვითონ ამ პიროვნების ქცევაში ვხედავ - წინა ხელისუფლებას რა ცოდვებიც ჰქონდა, იმ მოუნანიებელი ცოდვების გამო ახლა ცდილობენ, სხვაც გასვარონ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ერთი წლის წინანდელი ისტორიაა, რომელზეც თავის დროზე სახალხო დამცველს სრულყოფილი მოკვლევა ჰქონდა ჩატარებული და კითხვის ნიშნები არ არსებობდა.

„მე პრობლემას თვითონ ამ პიროვნების ქცევაში ვხედავ. ეს საჯარო ინფორმაციაა და, როგორც აღმოჩნდა, ერთი წლის წინანდელი ისტორიაა, რომელზეც თავის დროზე სახალხო დამცველს სრულყოფილი მოკვლევა ჰქონდა ჩატარებული და კითხვის ნიშნები არ არსებობდა. წინა ხელისუფლებას რა ცოდვებიც ჰქონდა, იმ მოუნანიებელი ცოდვების გამო ახლა ცდილობენ, სხვაც გასვარონ - მედიაც გარკვეული ენთუზიაზმით არის ამაში ჩართული.

როცა ვიდეო გამოქვეყნდა, მერე ატყდა ამბავი - როგორ შეიძლებოდა გამოქვეყნებაო. იმიტომ შეიძლებოდა, რომ საზოგადოებას დაენახა, რომ პენიტენციური სისტემა პატიმრის მიმართ კანონისა და დადგენილი წესის მიხედვით მოქმედებდა. არანაირ გაუპატიურებაზე საუბარიც კი არ შეიძლება.

მარტივად გეტყვით: არსებობს პატიმართა კატეგორია, კონკრეტულად არავისზე ვსაუბრობ, რომლებიც ვენებსაც იჭრიან, ჩანგლებსაც ყლაპავენ და ბევრ რამეს აკეთებენ იმისთვის, რომ ციხეში ყოფნას თავი აარიდონ. ეს ერთეული შემთხვევა არ არის, ასეთი პატიმრები ზოგადად არსებობენ. სწორედ ამიტომ არსებობს საპატიმროში სპეციალური რეჟიმები.

ხომ ამბობთ, ობიექტურად მინდა გავაშუქოო? ობიექტურად ხომ ნახეთ ერთი წლის წინანდელი კადრები? თქვენ იქ პირადად გაუპატიურება დაინახეთ? გქონდეთ თქვენი აზრი, მაგრამ საზოგადოებას აქვს თვალები, ყურები და ხედავს. თქვენ იყავით ამ ტყუილის ერთგული, არ გართმევთ ამ აზრს, მაგრამ რეალობა ეგ არის”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა დაგეგმილი კამპანიის ნაწილია.

„რა თქმა უნდა, ჩანს, რომ დაგეგმილი კამპანიაა. ამბავი მოხდა ერთი წლის წინ, ახლა კი გამოქვეყნდა საია-ს კვლევა, თითქოს ქართული ციხეები გადავსებულია. ციხე კი არ აინტერესებთ, უნდათ, ის თემები, რაშიც წინა ხელისუფლება იყო ცოდვილი, ახლანდელს მიაწებონ.

კვლევაში ვერ დაწერეს, რომ ციხეებში ვინმეს აწამებენ ან რამე ცუდი ხდება - მხოლოდ ის დაწერეს, რომ ბევრი პატიმარია. პატიმართა რაოდენობა გაიზარდა იმიტომ, რომ სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი ბრძოლა აქვს ნარკოდანაშაულთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს კვლევა გამოაქვეყნეს, თითქოს ევროპაში გზავნიან, თემის აწევად გამოადგათ და ერთი წლის განმავლობაში შენახული ისტორია დღეს გამოაგდეს.

ეგონათ, ეს კადრები ერთი წლის განმავლობაში წაიშლებოდა და სპეკულაციას გააგრძელებდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ კადრები შენახულია და წაშლილი არ არის, რამაც საზოგადოებას ყველაფერი კარგად დაანახა. ახლა კი ის, რომ პატიმარი საგანს ყლაპავს, რათა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს, მიუთითებს მისი ქცევის მოტივაციაზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა