პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - უწყება ვიდეოკადრებსაც ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან.

როგორც უწყება განმარტავს, “2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს”.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ არ გადავა იქამდე, სანამ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც, მისი განცხადებით, დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, დეესკალაციის საკნებიდან არ გამოიყვანენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ დავითაძის დედის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

სინამდვილეში, მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან. მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

კერძოდ, 2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს.

აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს და სამსახური არ დაუშვებს თანამშრომელთა მიმართ ძალადობისა და თავდასხმის არცერთი ფაქტის უგულებელყოფას. თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

სწორედ ზემოაღნიშნულის გამო განთავსდნენ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობას, როგორც ამის წარმოჩენას მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.

კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ დაწესებულებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პენიტენციური კოდექსის, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის შესაბამისად. ამიტომ დაუშვებელია აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაუსაბუთებლად დაკავშირება”, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება პატიმრების მიერ დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ციხის დირექტორის მოადგილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ამსახველ კადრებსაც ასაჯაროებს.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა სამი მეტალის საგანი და შიმშილობა დაიწყო.

უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დედის განცხადებით კი მან უარი თქვა მკურნალობაზე, მანამ სანამ დეესკალაციის ოთახიდან საკნებში არ დააბრუნებენ იმ პატიმრებს, რომლებმაც მას თანადგომა გამოუცხადეს. გიორგი დავითაძის დედის განცხადებით, მას შემდეგ რაც მისმა შვილმა ციხის ბადრაგი გარკვეულ ქმედებებში დაადანაშაულა, პატიმრებმა მას თანადგომა გამოუცხადეს, რის გამოც ციხის ადმინისტრაციამ ისინი დეესკალაციის ოთახში გადაიყვანა. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა გამოიტანა ციხიდან.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა