თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 262. 39096 გრამი ალფა-პვპ (a-PVP).
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.