საფრანგეთში დღეს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მხარდამჭერების მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორგანიზატორებმა საზოგადოებას აქციების ქვეყნის მასშტაბით გამართვისკენ მოუწოდეს იმ მოსწავლეების მხარდასაჭერად, რომლებიც განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ ითხოვენ.
დემონსტრაციების დროს მოსწავლეებმა ასობით სასწავლებელი დაბლოკეს; დაშავდა სულ მცირე 190 მოსწავლე, 5 000-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მოსწავლემ ხელი დაკარგა. ამასთან, გასულ კვირას კიდევ ერთ მოსწავლეს თავში ცრემლსადენი გაზის ყუმბარა მოხვდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნების მოსაგვარებლად საჭირო ზომები დააანონსა, პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, Union Syndicale Lycéenne-მა კი აღნიშნა, რომ მთავრობას „არაფერი კონკრეტული“ არ შეუთავაზებია. ორგანიზაციამ საზოგადოებას მოუწოდა, დღევანდელ აქციებს შეუერთდნენ. სტუდენტების მიმართ მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებმაც გამოხატეს; კერძოდ, მასწავლებელთა პროფკავშირმა SNES-FSU-მ თავის წევრებს სამშაბათს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.