„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, შპს „იბეროილმა“ ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფოს ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მესაკუთრეებმა „ქართულ ოცნებას“ 160 ათასი ლარი შესწირეს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს „იბეროილის“ მესაკუთრეებს ყოფილ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან საერთო კომპანია აქვთ.
„2026 წლის 14 აგვისტოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და საბითუმო დისტრიბუტორმა, შპს „იბეროილმა“, რომლის მესაკუთრეებსაც ყოფილ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან საერთო კომპანია აქვთ, ელექტრონულ აუქციონზე 493 000 ლარად შეიძინა სახელმწიფო მიწის ორი ნაკვეთი (1 400 და 429 კვ.მ). ნაკვეთები თბილისში, იუმაშევის ქუჩაზე, კომპანიის ნავთობბაზასთან მდებარეობს.
ნაკვეთის შეძენიდან სამ დღეში, 17 აგვისტოს, „იბეროილის“ ოთხიდან სამმა მესაკუთრემ და კომპანიის დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ 160 000 ლარი შესწირეს. ირაკლი პეტრიაშვილმა და სიმონ გეგელაშვილმა თითომ 50 000 ლარი შესწირა, დავით ალიბეგაშვილმა და დირექტორმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა კი თითომ - 30 000 ლარი.
„იბეროილს“ ამ ქუჩაზე სახელმწიფო მიწა ადრეც აქვს შეძენილი. 2020 წლის ივლისში კომპანიამ მომიჯნავე, 5 702 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი 521 000 ლარად შეიძინა. იმ დროს ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაში მდებარეობდა. კომპანიის მოთხოვნით, თბილისის საკრებულომ ნაკვეთს ჯერ სატრანსპორტო ზონის სტატუსი მიანიჭა (2020 წლის 8 დეკემბერი), შემდეგ კი სამრეწველო ზონის (2021 წლის 6 აგვისტო). 2023 წლის აპრილში ეს ნაკვეთი გადაეცა შპს „ატფ-ს“, ყოფილ შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან დაკავშირებულ კომპანიას. „ატფ-ში“ ჭიკაიძეს 17% ეკუთვნის, 50% კი შპს „იბერ ინვესტს“, რომელიც „იბეროილის“ მესაკუთრეებს და თავად „იბეროილს“ ეკუთვნის. „იბეროილის“ მესაკუთრეებს და დირექტორს 2016 წლიდან „ქართულ ოცნებისთვის“ 1 220 000 ლარი აქვთ შეწირული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.