ვალერი ჩეჩელაშვილი - იზოლაციონისტური ვითარებიდან ვერ გამოვდივართ და მეტიც, ევროკავშირის ინსტიტუტებთან კომუნიკაციის არხებიც კი აღარ გაგვაჩნია - საერთოდ გასაკვირია, რას აკეთებენ ჩვენი დიპლომატები ბრიუსელში

არანაირი პერსპექტივა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ფაზაში შევიდეთ, არ არის და ეს რეზოლუციაც ამის მორიგი სერიოზული დამდასტურებელი ფაქტია - უკვე კარგად ჩანს, რომ ამ მთავრობის პირობებში ურთიერთობებს ევროკავშირთან ამ მძიმე ფაზიდან ვერ გამოვიყვანთ. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ღიად უთხრას ეს საზოგადოებას - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გამართული დებატები შეაფასა და გამოეხმაურა რეზოლუციას, რომლის კენჭისყრა დღესაა დაგეგმილი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირსა და მის ინსტიტუტებთან კომუნიკაციის არხებიც კი აღარ გააჩნია.

„ვითარება, რომელსაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს, არის დამდასტურებელი იმისა, რომ ამ იზოლაციონისტური ვითარებიდან ვერ გამოვდივართ და უფრო მეტიც, უბრალოდ კომუნიკაციის არხებიც კი აღარ გაგვაჩნია ევროკავშირსა და მის ინსტიტუტებთან. საერთოდ გასაკვირია, რას აკეთებენ ჩვენი დიპლომატები ბრიუსელში. როგორც მინიმუმ, უნდა მიჰქონდეთ მაინც რაღაც გზავნილები ევროპის ინსტიტუტებში, მათ შორის ევროპარლამენტში, ხსნიდნენ საკუთარ პოზიციას და ა.შ. მაგრამ შალვა პაპუაშვილის მიერ ჩამოყალიბებული გზავნილების მიტანა ევროპარლამენტში ვერაფერს კარგს საქართველოს ვერ მოუტანს. რიტორიკული პასუხები, რომ ქაღალდზე ჩვენს კანდიდატობას სჯობს, ქაღალდზე არ ვიყოთ ქვეყანა - არ ვიცი, საიდან მიუდგებიან მსგავს განცხადებებს. საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენი დამკვიდრება ამ ცვალებად საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად სანდო და ავტორიტეტული პარტნიორები ვიქნებით ჩვენი ძირითადი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საამისოდ კი „ქართული ოცნება“ და მთავრობა არაფერს აკეთებს. ჯერჯერობით, არანაირი პერსპექტივა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ფაზაში შევიდეთ, არ არის და ეს რეზოლუციაც ამის მორიგი სერიოზული დამდასტურებელი ფაქტია. ამასთან, ვფიქრობ, რომ რეზოლუციაში სიხისტის ხარისხი კიდევ უფრო გამძაფრდა, ტონი გამკაცრდა. გაიჟღერა ოთხმა გვარმა სანქციებთან დაკავშირებით - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე. ჩვენ, ალბათ, მოვისმენთ იმას, რომ ამას ჩალის ფასი აქვს, არაფრად არ ღირს და ა.შ. ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც ნაკლები წარმოდგენა აქვთ საერთოდ ევროპული ინსტიტუტები როგორ მუშაობენ და მთლიან სტრუქტურაში რამდენად მზარდი როლი აქვს ევროპარლამენტს.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რაში მდგომარეობდა სინამდვილეში ევროკავშირის რეკომენდაციები და ევროკავშირის მოწოდებები. ის, რასაც ამბობს „ქართული ოცნება“ და შალვა პაპუაშვილი, რომ იყო მოწოდებები ომთან დაკავშირებით, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ა.შ. არცერთი ევროპელი ბიუროკრატისგან მე ასეთი მოწოდება არ მომისმენია, პირიქით, ყოველ ჯერზე უარყოფდა ნებისმიერ დონეზე ევროკავშირის ნებისმიერი წარმომადგენელი.

რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ გაცილებით უფრო მზარდი და ძლიერი ეკონომიკა გვექნებოდა ევროკავშირს რომ გაეგრძელებინა სრულფასოვნად საკუთარი ეკონომიკური პროგრამების და ეკონომიკური დახმარების რესურსების მიმართვა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაზე. აქ ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ, მაგრამ ყველაფერი არა. იმიტომ, რომ ევროპის ფინანსური ინსტიტუტები, ჯერჯერობით, აგრძელებენ პროგრამების დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პრობლემები გვაქვს ევროკავშირთან, მაგრამ ადრე თუ გვიან ესეც შეწყდება და ყველაფერთან ერთად ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს ყოველივე ქმნის ძალიან დიდ რისკებს საქართველოს ეკონომიკისთვის. არ არის ნორმალური, როდესაც საბაზო პენსიას სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები 40-ჯერ აღემატება.

რაც შეეხება ევროკომისრების მზაობას საქართველოსთან დიალოგზე, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ტრანზაქციულ ურთიერთობებზე, რომელიც არის დაკავშირებული კონკრეტულ პროექტებთან, იქნება ეს კაბელის პროექტი თუ საკომუნიკაციო დერეფანი, სატრანსპორტო და ა.შ. აქ სრულიადაც არ არის საჭირო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ეს ტრანზაქციული, გარიგებები იქნება თავისთავად, იმიტომ, რომ საქართველოს უკავია ეს გეოპოლიტიკური მდებარეობა, ეს ლოკაცია ჩვენ გვაქვს, ოღონდ სრულიადაც არ არის ეს „ქართული ოცნების“ დამსახურება და ეს გაგრძელდება თავისთავად. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ მაღალი ხარისხის დიალოგზე, ანუ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ევროკავშირთან დაახლოებაზე და ა.შ., ამ დიალოგისთვის უნდა შეიქმნას რაღაც პლატფორმა და ეს პლატფორმა ვერ შეიქმნება, თუ არ არის კვეთა ფასეულობათა სისტემებში, რომელსაც ეფუძნება საქართველოს შიდა თუ საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირის პოლიტიკა. ამ შემთხვევაში, ეს კვეთა საერთოდ არ არსებობს და ეს გამოიხატება სამ სიტყვაში: პატიმრები, კანონები, არჩევნები“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისივე თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ რეალურად სურს ამ ურთიერთობაში რაღაც წინაპირობა, პლატფორმა შექმნას, კარგი იქნებოდა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი გაეწვია.

„ამაზე ხაზგასმით მიუთითებს, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციაც. ასევე, შეწყვიტოს საბოტაჟის საქმე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. ასევე, კარგი იქნებოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრის გამოშვება, როგორიც მაგალითად მზია ამაღლობელია, ელენე ხოშტარიაა და ა.შ., ეს შექმნიდა შესაბამის პირობებს. მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, პირიქით, საკუთარ პოლიტიკას საქართველოს მთავრობა დღეს ახისტებს. უკვე კარგად ჩანს, რომ ამ მთავრობის პირობებში ჩვენ ურთიერთობებს ევროკავშირთან ამ მძიმე ფაზიდან ვერ გამოვიყვანთ. მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ მთავრობას, რომ ღიად უთხრას ეს საქართველოს საზოგადოებას.

ჩვენ გვესმის რიტორიკა, რომ „გვინდა ევროპაში, ოღონდ ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში, რომელიც არის დაფუძნებული თანამშრომლობის ჭეშმარიტად ევროპულ პრინციპებზე, ამას ჩვენ ვასწავლით ევროპას, იმიტომ რომ ისინი არიან მასიურად, Deep State-ის აგენტები და ა.შ.“ ეს კონცეფცია ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს. სჯობს, რომ გულახდილად და პირდაპირ უთხრან ქართულ საზოგადოებას, რომ არ აპირებენ ევროპასთან დაახლოებას, იმიტომ, რომ არსებობს მათთვის ფუნდამენტური პრობლემები. მაგრამ ამას ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ იციან ქართული საზოგადოების პროევროპული განწყობები“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება სანქციების პერსპექტივას, ჩეჩელაშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ სანქციები იქნება.

„[სანქციები] აუცილებლად იქნება ასახული, რა ხარისხით და როგორ, ვის მიმართ, რა სიხისტით, არ ვიცით, ამას ვნახავთ, მაგრამ დინამიკა იქნება აუცილებლად. ამ დინამიკის შეცვლის შესაძლებლობა აქვს თვით „ქართულ ოცნებას“ პირველ რიგში. თუ გადადგა კომპრომისისკენ ნაბიჯები იმ მიმართულებებით, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაშინ სრულებითაც შეიცვლება ვითარება, გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, დიალოგი, აქედან გამომდინარე ყველა შედეგი“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ვალერი ჩეჩელაშვილმა გადაცემაში სტუმრობისას, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვრცელი გამოსვლაც შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეთანხმება აზრს, რომ ეს გამოსვლა მმართველ გუნდში ცვლილებების მომასწავებელია.

„ეს იყო ძალიან უჩვეულო პრაქტიკა. ჩვენ ამისთვის არც მზად ვიყავით, არც ვიცოდით. ეს გადაწყვიტა თვითონ ირაკლი კობახიძემ. ეს მან რატომ გადაწყვიტა არ ვიცით, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო გადაწყვიტა. ე.ი. რაღაც იგრძნო, ან რაღაც მოხდა, რაც ჩვენ არ ვიცით, რამაც გამოიწვია ეს შესაბამისი რეაქცია. არ ის ვიცით, ეს რეაქცია იყო ნაკარნახევი იმით, რომ შეეცადა წარმოეჩინა, მისი პრემიერობის დროინდელი საკუთარი წარმატებები. ამან, სხვათა შორის, გამახსენა ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილი, სადაც ის საკუთარი პრემიერობის დროინდელ მიღწევებზე საუბრობს. ეს რაღაც გამოძახილივით დავინახე. ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საქართველო მის პერიოდში აყვავდა. არაფერი ნეგატიური არ გაუხსენებია. ზუსტად ამისთანა სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი ირაკლი კობახიძის ეს გამოსვლა მთავრობაზე, რაც უჩვეულო იყო. მე ვეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც გაცილებით უკეთ იცნობენ ამ ვითარებას, ვიდრე მე, რომ ეს არის მომასწავებელი რაღაც ცვლილებების. რა სახის ცვლილებები იქნება, არ ვიცით.

რაც შეეხება მოსაზრებას მარიამ ქვრივიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს იქნება შედარებით კარგი ცვლილება. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მარიამ ქვრივიშვილი არის ძალიან სიმპათიური ადამიანი და ღიმილი მაინც იცის, ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, რომელიც, ალბათ, ერთადერთი პრემიერ-მინისტრია დედამიწის ზურგზე, რომელიც საერთოდ არ იღიმება. მის ავტონომიურობის ხარისხთან დაკავშირებით დიდი კითხვები არსებობს, როგორც ნებისმიერი პრემიერის მიმართ, მაგრამ შეიძლება მომასწავებელი იყოს რაღაც ნორმალიზაციის ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკური პროცესების, რომელსაც ასე გვთხოვს ჩვენ ევროკავშირიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ახალი იმედებით შევხვდები ამ ცვლილებას, თუ ის ნამდვილად მოხდება“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის