ლაშა ფარულავა - სახელმწიფო ფოსტა და საწარმოები იმიტომ არიან წაგებაზე,  რომ კორუფციული ინტერესებია - ირაკლი კობახიძის განცხადება ერთის მხრივ, აღიარებაა, მაგრამ სწორსაც ამბობს

სახელმწიფო ფოსტა და საწარმოები იმიტომ არიან წაგებაზე, რომ კორუფციული ინტერესებია, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, საფუძველი იყო საპარტნიორო ფონდის შექმნა, რომელშიც ენერგეტიკული საწარმოები, ასევე, რკინიგზა შევიდა, იმის ნაცვლად, რომ მათი პრივატიზება მომხდარიყო.

ამავდროულად, ფარულავას თქმით, შუამავალი კომპანიები არსებობენ, რომელთა მიზანი კონკრეტული ადამიანების „ჯიბეების ზრდაა“.

„საქართველოს ფოსტა, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო შპს და საწარმო, საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში იყო. ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, შექმნა საპარტნიორო ფონდი, რომელშიც საწარმოები და შპს-ები მოექცა. დავით საგანელიძე დაინიშნა ფონდის ხელმძღვანელად, მისი მოადგილე კი უჩა მამაცაშვილი იყო.

საქართველოს ფოსტას აქვს საკურიერო სერვისი, საერთაშორისო გზავნილები. ფოსტა, სინამდვილეში, ხელშეკრულებას გადამზიდავ კომპანიებთან უნდა აფორმებდეს, რომელიც გზავნილს საზღვარგარეთ წაიღებს, თუმცა გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები. ფოსტასა და გადამზიდავ კომპანიას შორის გაჩნდა, მაგალითად, მერაბ მეტრეველი, რომელიც უბრალოდ იღებს ფასნამატს. ეს შუამავლები არიან აბსოლუტურად ყველგან. ფონდმა სახელი შეიცვალა, „საქართველოს ფონდი“ ჰქვია, მაგრამ კვლავ მის შემადგენლობაშია სახელმწიფო საწარმოები და შპს-ები, [დავით] საგანელიძე კი კვლავ მისი ხელმძღვანელია“, - განაცხადა ფარულავამ.

მისი თქმით, მსგავსი სქემა მუშაობს ენერგეტიკის სექტორშიც, სადაც იმპორტის ზრდასთან ერთად გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები.

„ასევე შუამავალი კომპანიები გაჩნდნენ ელექტროენერგიის იმპორტშიც. 2019-2020 წლებში პრაქტიკა იცვლება, ენგურჰესის რეაბილიტაციას იწყებენ და საქართველო ზრდის მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით, ზამთრის დეფიციტურ პერიოდში, ელექტროენერგიის იმპორტს. ზუსტად მაშინ, როდესაც გაიზარდა მოცულობა, გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები. კომპანია, რომელიც ზურაბ ნოღაიდელსა და სულხან პაპაშვილს ეკუთვნის. გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები, ფული წავიდა ზემოთ, ხოლო ტარიფი ხალხს გაეზარდა. ეს არის ფორმულა, იზრდებოდა კონკრეტული ადამიანების ჯიბეები. 6 წლის განმავლობაში 10 თეთრით გაძვირდა ელექტროენერგია“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ლაშა ფარულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის სქემა იყო, რომ სახელმწიფო საწარმოებში „მისი კაცი“ ყოფილიყო.

„ბიძინა ივანიშვილის სქემა იყო, რომ სახელმწიფო საწარმოებში დანიშნულიყო მისი კაცი, როგორც თვითონ ამბობს, საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი. ამ კითხვებს რომ ვსვამდი, მამაცაშვილმა მე და ვასო ურუშაძეს გვიჩივლა, სასამართლოები მიდიოდა. ამ დროს ხაბეიშვილს უჩივლა გრიგოლ ლილუაშვილმა ქოლ-ცენტრებზე და მიგვაჯაჭვეს სასამართლოებს 1 წლის განმავლობაში, დაჩქარებული წესით ცილისმწამებლებად გამოგვაცხადეს და დაგვაკისრეს 15 000 ლარის გადახდა. გავიდა წლები და იმას, რასაც ჩვენ ვამხელდით, იმავეს იძახის კობახიძე.

ჩვენს სასამართლო პროცესებზე მოწმედ ზურაბ ნოღაიდელი იყო მოყვანილი. სახელმწიფოს მოწმე თუ სჭირდება, ყველგან ზურაბ ნოღაიდელია მოწმე. მე როგორც ვიცი, ამ ადამიანს ჩემს გასაშავებლად ბიზნეს რეკლამა მიჰქონდა გადაცემებში. ქუჩებში გამოაკრეს და დემონიზაციის კამპანია დაიწყეს, ვითომ წინა წლებში მე ვიყავი დაკავშირებული ხელისუფლებასთან, მაშინ როცა ყველამ იცის, რომ მე ხელისუფლებაში არასდროს ვყოფილვარ. ასევე მოწმედ მოვიდა დავით ნარმანიაც, რომელმაც თქვა - ელექტროენერგიის იმპორტი მისი პასუხისმგებლობა არ არის, ეს სხვა სახელმწიფო საწარმოების საქმეა“, - განაცხადა ფარულავამ.

ოპოზიციონერის თქმით, საჭიროა გამოძიება.

„[დავით] ნარმანია სემეკში კი არა, პროკურატურაში უნდა იყოს და კითხვებს პასუხებს უნდა სცემდეს. ასევე ივანიშვილიც, საგანელიძეც, მამაცაშვილიც და უნდა გამოიძიონ, თუ რა ხდებოდა.

ირაკლი კობახიძის განცხადება, ერთის მხრივ, აღიარებაა და მეორეს მხრივ, სწორსაც ამბობს, მაგრამ ამას გამოძიება უნდა. არავის დაჭერა არ მინდა, მათ უნდა დააბრუნონ ის, რაც ხალხს მოპარეს. არავის დაჭერა არ მინდა და ეს ჩემი საქმეც არ არის, ღარიბაშვილი რომ ციხეშია, დაგვიბრუნა ფული?“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის