ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მზად ვარ, უარი ვთქვა ზრდაზე, მაგრამ მინისტრს თუ მისცემ ნაკლებ ხელფასს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ და ეუბნები: „წადი, შენით იშოვე ფული!“

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მზად ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს რაც აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ და ეუბნები - აბა, წადი, შენით იშოვე ფული, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კრიტიკას საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების მატების ოდენობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია 20 ლარით უნდა გაზრდილიყო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თეორიულად სახელმწიფო თანამდებობის პირების ხელფასი რომ განულებულიყო და ეს თანხა პენსიონერებს დამატებოდა, პენსია 3 ლარზე ნაკლებით გაიზრდებოდა.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს ხელფასი ერთად რომ დავაჯამოთ და რომ წარმოვიდგინოთ, რომ არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი არ იღებს საერთოდ ხელფასს, პენსია გაიზრდებოდა 3 ლარზე ნაკლებით. რაც შეეხება ამ ხელფასების ჯამს, ეს ჯამი არის ბიუჯეტის 0,1%-ზე ნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მზად ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული. შეიძლება ამან გარკვეული უხერხულობები გამოიწვიოს - კონკრეტული სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გადამასწრებს თავისი ხელფასით, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. მე სუბიექტური ვარ და ახლა გადავალ მინისტრზე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, ხელზე იღებენ, ალბათ, 12 ათას ლარს, ამაზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს იმას ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ. თან კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი. მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა მინიმუმ 50 და 100 ათასი ხელფასი. 12 ათას ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს ხელფასს, ეს ნიშნავს, რომ აბა, წადი, შენით იშოვე ფული!“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: ანაზღაურების ინდექსაციამდე წინა მთავრობის წევრებს თუ ჰქონდათ კორუფციისკენ ბიძგი, პრემიერმა აღნიშნა, რომ რეალურად ხელფასი არ იყო გამოწვევებისა და პასუხისმგებლობის ადეკვატური.

„მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, წინა ხელისუფლების პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი პირადად საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა ანუ ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით საჯარო მოხელეების უზრუნველყოფა. როცა ვსაუბრობთ პენსიისა და თანამდებობის პირის ხელფასის თანაფარდობაზე, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა