საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) აღმასრულებელ კომიტეტში (ExCo – Executive Committee) ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET – Central, Eastern Europe and Transcaucasia) რეგიონის წარმომადგენლად მეორე ვადით, მომდევნო ორი წლით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით ონოფრიშვილის ხელახლა არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის 29 ქვეყანამ მიიღო, მათ შორის: ევროკავშირის წევრი 12 ქვეყანა (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, სლოვენია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საბერძნეთი), ევროკავშირის წევრობის კანდიდატი 9 ქვეყანა (საქართველო, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი,) და ევროკავშირის არაწევრი 8 ქვეყანა (ისრაელი, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, კოსოვო, ასევე რუსეთი და ბელარუსი, რომელთაც შეჩერებული აქვთ ასოციაციის წევრობა).
„შესაბამისი პროცედურა ნოემბერში, ჰონგ კონგში დაგეგმილი ასოციაციის წლიური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდება. დავით ონოფრიშვილი ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის საქმიანობაში 2024 წლიდან მონაწილეობს, ხოლო 2019 წლიდან აქტიურად არის ჩართული ასოციაციის იმპლემენტაციის შეფასების კომიტეტის (IAC – Implementation Assessment Committee) საქმიანობაში.
მისი მეორე ვადით არჩევა სამსახურის საერთაშორისო ჩართულობის, ასოციაციის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილებისა და დაზღვევის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელოვან აღიარებას წარმოადგენს.
დავით ონოფრიშვილის მეორე ვადით არჩევა ხელს შეუწყობს საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერებას საერთაშორისო სადაზღვევო საზოგადოებაში, ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას ასოციაციის საქმიანობასა და გლობალური საზედამხედველო სტანდარტების შემუშავების პროცესში, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გაღრმავებას.
აღნიშნული შესაძლებლობები მნიშვნელოვანია საქართველოს სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.