სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში სერიოზული დისკუსიები მხოლოდ ახლახან დაიწყო და ამ საკითხზე ღრმა საჯარო დებატები არ გამართულა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ კანონი 2024 წლის გაზაფხულზე მიიღეს.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილო აქვს ხვალვე მიიღოს სომხეთი სრულუფლებიან წევრად, მაშინაც კი, თუ სომხეთი „დიახ“-ს“ იტყვის”, - აღნიშნა მირზოიანმა.
ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში, მირზოიანმა ასევე ახსენა რუსეთი და აღნიშნა, რომ სომხეთს ისტორიულად მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ფედერაციასთან.
„ისტორიულად ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და დღესაც ძალიან მტკიცე კავშირები გვაქვს, თუმცა შესაძლო რეაქცია სათანადოდ უნდა ვმართოთ. ვგულისხმობ იმას, რომ არავის სურს მსოფლიოში ახალი მტრების გაჩენა. არავის განზრახული არ აქვს, ვინმეს, რომელიმე მესამე მხარეს ზიანი მიაყენოს“, - აღნიშნა მირზოიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე როგორც სომხეთი, ასევე ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებით.
„მოდით, გავაგრძელოთ ეს თბილი ურთიერთობები, გავხსნათ ახალი შესაძლებლობები და მომავალში, რაღაც ეტაპზე, ერთად განვიხილოთ, დავქორწინდებით თუ არა”, - აღნიშნა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.