გედევან ფოფხაძე - როცა ხალხს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის უფლებას ართმევ, თავისუფლების გზად რჩება აჯანყება - თუ საჭირო იქნება, ბრძოლას შევეწირები, უნდა გავერთიანდეთ განცდით, რომ შეიძლება დაგვიჭირონ, შეიძლება დაგვხოცონ

პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებით, ჩვენ აფრიკული დიქტატურების სტანდარტში მოვექცევით. ამით პირდაპირ ეუბნები ხალხს, რომ ქვეყნის თავისუფლება გადის აჯანყებაზე და არა არჩევნებზე - თუ საჭირო იქნება, ბრძოლას შევეწირები, არც ციხის პრობლემა მაქვს და არც ლიკვიდაციის - უნდა გავერთიანდეთ იმ განცდით, რომ შეიძლება ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს თავისუფლება შევუნარჩუნოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვის შედეგად საქართველო უბრალოდ კი არ დაშორდება ევროპას და დემოკრატიულ სტანდარტს, არამედ ის ჩამოყალიბდება პროვინციული ფეოდალიზმის ქვეყნად, სადაც საარჩევნო დემოკრატია არ არსებობს და არჩევნების გზით ხელისუფლება არ იცვლება.

„მე მიმაჩნია, რომ ბევრი რამ ჩვენზეც არის დამოკიდებული. მე პირდაპირ, აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია საჯაროდ გითხრათ, რომ მე ჩემი სიცოცხლის ფასად ამას დავიცავ, იმიტომ, რომ მე არ მიღირს იმ საქართველოში ცხოვრება, სადაც ეს რეალობა იქნება. არც ციხის პრობლემა მაქვს და არც იმის, რომ რეჟიმი ჩემს ლიკვიდაციას მოახდენს. თუ საჭირო იქნება, მე თვითონ შევეწირები ამ ბრძოლას. ეს კარგად მაქვს გათავისუფლებული და მგონია, რომ ამ ფლანგზე ასეთი ადამიანები არიან. თუ ეს იქნება ეროვნული არჩევანი და ვიტყვით, რომ მონობაში ცხოვრებას გვირჩევნია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი და მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი... რა თქმა უნდა, ეს არ არის ეროვნული მაჩვენებელი, მაგრამ ამ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მონობაში ცხოვრებას ამჯობინონ თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი.

რაც შეეხება ბრძოლის გზებს - უფრო მეტი დისციპლინა ქუჩის პროტესტების დროს, ქუჩის პროტესტის ხარისხის უფრო გაზრდა, მეტი მცდელობა დემონსტრირებისა, რომ მზად ვართ ყველაფერზე წავიდეთ და ამ ნიშნით ხალხის მოზიდვა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ განცდით, რომ შეიძლება დაგვიჭირონ, შეიძლება დაგვხოცონ, შეიძლება ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას და მის მომავალს შევუნარჩუნოთ თავისუფლება. ამ განცდით უნდა გაგრძელდეს პროტესტი და ეს უნდა იყოს ძალიან გადამდები და გააზრებული პროტესტი, იმიტომ რომ ასეთ რეალობაში ცხოვრებას მართლა ჯობია ბრძოლაში დავიღუპოთ,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან, არამედ ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიის გაუქმებასთან, როცა ხელისუფლება სამართლებრივ დონეზე განსაზღვრავს, ვინ არის ოპოზიცია და ვინ არა.

„ის პოლიტიკურ ველზე ტოვებს მარტო თავის სატელიტებს, მხოლოდ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც მას აწყობს და თუ ოპოზიციურ სპექტრში ხედავს თანმიმდევრულობას, პრინციპულობას, ხალხის ერთგულებას და ბრძოლის სურვილს, ასეთ ოპოზიციას უბრალოდ კრძალავს. ეს არ არის რიგითი გადაწყვეტილება, რომლითაც პოლიტიკური კონფიგურაცია უბრალოდ მნიშვნელოვნად შეიცვლება. არა, ჩვენ აფრიკული დიქტატურების სტანდარტში მოვექცევით. საქართველო ამ შემთხვევაში უბრალოდ კი არ შორდება ევროპას, დემოკრატიულ სტანდარტს და ადამიანის უფლებებს, ის უბრალოდ ხდება ჩვეულებრივი პროვინციული ფეოდალიზმის ქვეყნად, სადაც საარჩევნო დემოკრატია არ არსებობს და არჩევნების გზით ხელისუფლება არ იცვლება. ხელისუფლება ხალხს პირდაპირ ეუბნება, რომ პრინციპი, - „თუ მე ხელისუფლება არ მომეწონება, მას გადავირჩევ“, დაივიწყეთ. ამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მთელი ტრაგიზმი ბოლომდე უნდა გავითავისოთ. ეს არის კონსტიტუციური პრინციპის გაუქმება, რომ ხელისუფლების წყარო არის არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ქართველი ხალხი. უბრალოდ, თქვენ აღარ გეყოლებათ თქვენი მოსაწონი პოლიტიკური სუბიექტი სიაში, გეყოლებათ „ოცნება“ და „ოცნების“ ქსეროასლები. რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია ამით გაუქმდება,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

რაც შეეხება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისმა საქციელმა ნათელი მოფინა, თუ რა ხდება რეალურად საკონსტიტუციო სასამართლოში.

ფოფხაძის თქმით, მანანა კობახიძისთვის ადამიანის უფლებები სულერთი არასდროს ყოფილა და ის პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელ ადამიანად არასდროს მიაჩნდა.

„მანანა კობახიძეს ვიცნობ. მგონია, რომ კარგი ადამიანია. მიმაჩნია, რომ პრინციპები ყოველთვის ჰქონდა. 42-ე მუხლის დამფუძნებელი იყო, სამოქალაქო სექტორში იყო. მანანა კობახიძისთვის ადამიანის უფლებები სულერთი არასდროს ყოფილა და პარლამენტშიც რომ ვიყავით, ის პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელ ადამიანად არასდროს მიმაჩნდა. მე ვსაუბრობ მის ელემენტარულ გონიერებაზე, რომ ასეთ ეგზისტენციალურ ისტორიულ დანაშაულში მონაწილეობა არ მიიღო. მით უმეტეს, ვადა ეწურებოდა და აქედან ვერაფერ სარგებელს ვერ იღებდა, მაგრამ მას შეეძლო ამაში მონაწილეობა მიეღო იმის ფასად, რომ კიდევ რამე სიკეთე ეთხოვა ივანიშვილისგან და მისი რეჟიმისგან. მით უმეტეს, ივანიშვილი ამ სტანდარტით უდგება ადამიანებთან დამოკიდებულებას. მიაჩნია, რომ „მე შენ რაღაცას გიკეთებ და შენც მე რაღაცა უნდა გამიკეთო“, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ასეთი სტანდარტით არ და ვერ უნდა ხელმძღვანელობდეს. მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ქალბატონ მანანას უნდა შევუქოთ საქციელი. რაც მთავარია, მისმა საქციელმა ნათელი მოფინა და აგვიხსნა, რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში - რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლოში არის პოლიტიკური შეკვეთა, ამ პოლიტიკური შეკვეთის შინაარსი არის ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიის გაუქმება და ამ შეკვეთის შესრულებას თავისი ფასი აქვს. ეს არ არის რაღაცა კანონი, რომელიც ვიღაცის უფლებას ეხება. ეს არის კანონი, რომელიც მთლიანად ქართველ ხალხს ართმევს უფლებას, იყოს ხელისუფლების წყარო და უკრძალავს მას საარჩევნო დემოკრატიის გზით მისთვის მოსაწონი ხელისუფლება შექმნას.

მანანა კობახიძის საქციელი კომენტარზე უფრო თვალსაჩინოა და არ სჭირდება მას დამატებითი გაშიფვრა. პირიქით, კითხვებს ხსნის და გარკვეულ პასუხებს გვაძლევს, რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ პროცესი მიდის აბსოლუტურად კანონის ფარგლებში და მოსამართლეები თავისი სინდისის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს, მაშინ ასეთი დემარში არ ხდება. ან უარი უნდა ეთქვათ მისთვის, რომ ამ განხილვაში მონაწილეობა მიეღო, იმიტომ, რომ მას მიაჩნდა, რომ ის ვერ იქნებოდა ამ პროცესის მონაწილე. ან, რატომ ვერ უნდა ყოფილიყო?! შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ პარტიების გაუქმება არასწორია და ამ პარტიებში არაფერი არაკონსტიტუციური არ არის, პირიქით, მათი გაუქმება არაკონსტიტუციურია,“ - აღნიშნა ფოფხაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აჯანყებისგან, რევოლუციისგან, სახალხო მღელვარებისგან დაზღვეული ვართ მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყანაში სამართლებრივ გარემოს ვქმნით. მისი თქმით, როდესაც ხალხს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის უფლებას წაართმევ, „სხვა შანსს არ უტოვებ და პირდაპირ ეუბნები, რომ ქვეყნის თავისუფლება გადის აჯანყებაზე და არა არჩევნებზე“.

„ფასი ძალიან მძიმეა. აქ უკვე რეპუტაციულ ზიანზე არ არის მარტო საუბარი. როცა თქვენ საარჩევნო დემოკრატიას აუქმებთ, თქვენ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლის სამართლებრივ სივრცეს უკლავთ და ხალხი რჩება მარტო ერთი ფორმით პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობის წინაშე. მე კარგად ვიცი ტერორიზმის საფუძვლები და რატომ ჩნდება ესა?! თავისთავად, ეს ცუდია, ბოროტებაა, მაგრამ როგორც წესი, ამის პროვოცირება არის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის პოლიტიკური სივრცის წართმევა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აჯანყებისგან, რევოლუციისგან, სახალხო მღელვარებისგან დაზღვეული ვართ მაშინ, როდესაც ჩვენ ვქმნით ქვეყანაში სამართლებრივ გარემოს. როდესაც ქვეყანაში არის კონსტიტუციური წეს-წყობილება და არის იმის შესაძლებლობა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალო, მაშინ ნებისმიერ სხვა გზაზე საუბარი არის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასების საგანი. როცა შენ ამას ხალხს წაართმევ, იქ უკვე პირიქით, არ უტოვებ სხვა შანსს - პირდაპირ ეუბნები, რომ ქვეყნის თავისუფლება გადის აჯანყებაზე და არა არჩევნებზე,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

„ქალბატონი მანანას საქციელი ძალიან კარგი იყო მხილების კუთხით და თუ შოუს ჩვენ დავემატებით, მე მგონი, ეს უფრო თვალსაჩინოს გახდის იმ ყველაფერს, რაც იქ ხდება. ხალხმა კარგად უნდა გაიაზროს ვითარების ტრაგიზმი. კარგად უნდა გავიაზროთ, რას გვართმევენ, რა სიკეთეს კარგავს ქართული საზოგადოება იმით, რომ ქვეყანაში უქმდება საარჩევნო დემოკრატია და ფორმდება ძალიან პრიმიტიული ფეოდალური დიქტატურა,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში