საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითარიდება მიეცა პარტიების საკითხის აკრძალვისთვის და შემდეგ საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, ძალიან ნათლად აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ვენეციის კომისიის „ძალიან მძიმე დასკვნა“.
„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ეს არის არა კონსტიტიციური წყობილების დაცვა, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს კონსტიტიუციური წყობილების საფუძვლიანად შერყევის მცდელობა“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ, ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საგამოძიებო კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელი მხარეების განხილვის გარეშე ფარულად მიიღო წარმოებაში.
„2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს პირდებობა უფასო ფულს, კეთილდღეობას, განვითარებას, ნაცვლად ამისა მისი მმართველობის 14 წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ტოტალური კორუფცია, სიღარიბე, საერთაშორისო იზოლაცია და ქვეყნიდან ემიგრაციაში გაქცეული საქართველოს მოქალაქეები. ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეებს ამ პრობლემების მოგვარებას პირდებოდეს, ის დღეს მათ სთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ სანახაობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც „წულუკიანის რუსული კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე „ქართული ოცნების“ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი მხარეების განხილვის გარეშე წარმოებაში ფარულად მიიღო“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ არჩევანის გაკეთება უწევთ „რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის“.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი: გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც გავალებთ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია კრემლში, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ასეულობით ათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ მოკლათ თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეა. თქვენი გადაწყვეტილებით, თქვენ კონსტიტუციურ საფუძველს უქმნით ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ქართველების გენოციდთან დაკავშირებით აფხაზეთში და ყველა უბედურებას, რაც ისტორიულად ჩვენ გამოგვატარა ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთმა.
ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ თქვენ ცდილობთ აკრძალოთ გიორგი ანწუხელიძის ბრძოლა თავისუფლებისთვის, შინდისის გმირების ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, გურამ გაბისკირიას სიტყვები „არა და არასოდეს“, როდესაც მან თავი არ დაუხარა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. თქვენ ცდილობთ აკრძალოთ ჟიული შარტავას ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ დღეს არჩევანი გიწევთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება განუზომელი და თუ თქვენ შეასრულებთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ამ დავალებას, თქვენ დაექვემდებარებით მკაცრ საერთაშორისო სანქციას, ოლიგარქიული რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სანქცია, რომელიც თქვენ დაგეკისრებათ, არ შეიცვლება არასოდეს.
როგორიც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.
რაც შეეხება იმას, ჩაერთვებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვაში, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.
ამასთან მისი თქმით, იმის მოლოდინი არ აქვთ, რომ სასამართლოში რაიმე სამართლებრივ პროცესთან ექნებათ საქმე.
„რაც შეეხება ჩვენ მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ შესაგებელი საკონსტიტუციო სასამართლოში და ასევე შევიტანეთ ორი დამატებითი სარჩელი, რის მიხედვითაც ჩვენ ვითხოვდით საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომ მხარეებს შორის დასაშვებობის საკითხი განეხილა და ჩვენ მოგვცემოდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ამ პროცესში და საქართველოს მოქალაქეებს ეს აბსურდული საქმე კიდევ ერთხელ ენახათ.თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს, არც ერთ დამოუკიდებელი ორგანო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ სასამართლოს მოსამართლეებიც ოლიგარქიულ რეჟიმს ექვემდებარებიან, ეს პროცესები რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, მხოლოდ ამაზე მიუთითებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ეს საქმე წარმოებაში მიიღო, რაღაც მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივ პროცესებთან ახლო პროცესი მაინც შეიძლება გვქონდეს, ნამდვილად არ გვაქვს“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.