ამ საქმეში დიახ, ნამდვილად აქვს პასუხი გაცემული იმ კითხვას, რომ კაკულიებმაც და ბესარიონ ჟვანიამაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს. ოფიციალურად, ბესარიონ ჟვანიას სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს, - ამის შესახებ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ვეფხვაძე განმარტავს, საქმე 35 ტომისგან შემდგარი მტკიცებულებებითაა გაჯერებული.
„თქვენ მოუსმინეთ მათ შორის, ძმებ კაკულიებს მოსამართლის კითხვაზე, თუ როგორი აგრესიული პასუხი ჰქონდათ, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდების მხარე მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე წარადგენს როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ასევე ვიდეომასალას, ექსპერტიზის დასკვნებს, წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, რაც საბოლოო ჯამში, მოსამართლეს დაარწმუნებს იმ ბრალეულობაში, რა ბრალიც წარდგენილი აქვთ როგორც დავით და გურამ კაკულიებს, ასევე ბესარიონ ჟვანიას. როცა დაცვის მხარე ნიშნის მოგებით ამბობს, საქმე 35 ტომიაო, დიახ, 35 ტომი არის გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რომელთაც ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია ბავშვობის მეგობრები იყვნენ, რაც მათ წინააღმდეგ მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული, პროკურორი აცხადებს, რომ ყველა გარემოება და ფაქტი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს.
„როდესაც ვამბობ, მტკიცებულებები ერთობლიობაში უნდა იყოს განხილული, ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ცალკე აღებული არც ერთი ფაქტი და არც ერთი მტკიცებულება არ უნდა შეფასდეს. ცალკე აღებული არ ვაფასებთ იმას, ბესარიონ ჟვანია იცნობდა თუ არა დავით და გურამ კაკულიებს, ეს ფასდება ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ზუსტად ის ფაქტი, რომ მათ ნაცნობობა აკავშირებდათ, ზუსტად ის ფაქტი, თუ როგორ გეგმავდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობას, ეს გარემოებები არის ერთობლიობაში თანხვედრაში. ამ საქმეში დიახ, ნამდვილად აქვს პასუხი გაცემული აქვს იმ კითხვას, რომ კაკულიებსაც და ბესარიონ ჟვანიამაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ, ჩვენ გაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ერთადერთ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ სამივე ბრალდებულს უმკაცრესი სასჯელი განესაზღვრება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
კითხვაზე, თუ სად იმყოფება ბუსა ჟვანია, პროკურორი პასუხობს, რომ ეს მათთვის უცნობია და ჟვანიაზე ძებნაა გამოცხადებული.
„საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ოფიციალურად გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, რომ ოფიციალურად, ბესარიონ ჟვანიას სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს. აქვე განვმარტავ, როცა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, დაუყოვნებლივ, ბრალდების მხარის მიერ გამოცხადდა ძებნა, როგორც ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, ასევე ინტერპოლის მეშვეობით და დღემდე მიმდინარეობს ძებნა. რაც შეეხება შეკითხვას, სად არის ბესარიონ ჟვანია, ვინაიდან მასთან დაკავშირება ვერ მოხდა, ჩვენ დავუკავშირდით ოჯახს, ოჯახმა ადვოკატები ჩართეს საქმეში, ამიტომ სად არის ბესარიონ ჟვანია, კონკრეტულად ალბათ უფრო ადვოკატებმა იციან, სახელმწიფო მას ეძებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს ვეფხვაძე.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.