ლევან ბეჟაშვილი - მოქალაქეებს ერთმევათ საარჩევნო უფლება, მძიმე პროცესები შეიძლება განვითარდეს, ყველაფერი იქნება ქუჩაში გადასაწყვეტი! - საქართველოს აქვს გამოცდილება, როცა პარტიები კანონგარეშე იყვნენ და პოლიტიკას ქუჩაში ატარებდნენ

ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა იქნება მთავარი ამოცანა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დოკუმენტი, „ნაციონალური მოძრაობა" არის პატრიოტიზმი, ეროვნულობა, ქრისტიანული პრინციპების ცხოვრებაში გატარება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მმართველობითი საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავენ.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტიების გაუქმებით ქვეყანაში ხდება კონსტიტუციური გადატრიალება და ავტოკრატიული რეჟიმის კონსტიტუციური დაკანონება.

„ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ბრძოლას, კიდევ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყნის მომავლის პერსპექტივები არ იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი. ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა იქნება მთავარი ამოცანა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დოკუმენტი, „ნაციონალური მოძრაობა" არის პატრიოტიზმი, ეროვნულობა, ქრისტიანული პრინციპების ცხოვრებაში გატარება. გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე.

პარტიების გაუქმებით ქვეყანაში ხდება კონსტიტუციური გადატრიალება, ავტოკრატიული რეჟიმის კონსტიტუციური დაკანონება. ავტოკრატიულ რეჟიმებში არჩევნები აღარ ტარდება, პოლიტიკური პროცესების აბსოლუტურად სხვა განვითარება ხდება. საკმაოდ მძიმე პროცესებიც შეიძლება განვითარდეს. იქნება მძიმე პროცესები იმიტომ, რომ როდესაც კანონგარეშე აცხადებს ხელისუფლება საზოგადოების მილიონზე მეტ ამომრჩეველს, პარტიებს, ეროვნულ ინტერესებს, დასავლელ პარტნიორებს, ამის დაკანონებით, რეალურად სულ სხვა პროცესები წარიმართება საზოგადოებაში და პოლიტიკურ სივრცეში. ეს კანონები აღარ იმოქმედებს, ამ კანონებით საარჩევნო პროცესები აღარ წარიმართება, ყველაფერი იქნება ქუჩაში გადასაწყვეტი. საქართველოს უახლოეს ისტორიაში იყო გამოცდილება, როდესაც პოლიტიკური პარტიები კანონგარეშე იყვნენ, პოლიტიკას ქუჩაში ატარებდნენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა კომუნისტურმა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მონაწილეობას მიიღებენ 28 ოქტომბერს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ დაგეგმილ აქციაში.

„ივანიშვილის მთავარი მიზანი არის ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაც ამის ნათელი დადასტურებაა. სულ უფრო ხშირად ისმება საკითხი პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით და აი, ევროპარლამენტის რეზოლუციის გამოძახილია, როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში დაჩქარდა პროცესი. უცბად, ერთ კვირაში გადაწყვიტეს სასამართლო სხდომის ჩატარება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ცხადია, ყველა ვხვდებით, რომ ეს პროცესი ხელოვნურად მართულია და მომდინარეობს „ქართული ოცნებიდან“. მანანა კობახიძის გადადგომა ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ დაჩქარებული წესით მიიღონ გადაწყვეტილება პარტიების გაუქმების თაობაზე.

რომ ვიცოდეთ, არანაირი საკონსტიტუციო სამართალწარმოება, რაიმე კანონიერი, კონსტიტუციური პროცესი არ მიმდინარეობს. ეს პროცესები მიმდინარეობს კანონგარეშე, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთით და კობახიძისა და პაპუაშვილის მიერ ამ დაკვეთის შესრულებით. ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის მორიგი ახირება, რომ საბოლოოდ ქვეყანაში დაასამაროს დემოკრატიული პროცესები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების რღვევა იმიტომ, რომ პარტიები არიან სახელმწიფო ინსტიტუციები, პარტიები განსაზღვრავენ ამ ქვეყნის დემოკრატიულობას. პარტიების გაუქმებით საქართველოს მოქალაქეებს ერთმევათ საარჩევნო უფლება.

რეალურად მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უკვე დაწერილია. ამ პარტიების გაუქმებით და აკრძალვით, რეალურად ხდება პროევროპული ელექტორატის მოკვეთა საარჩევნო პროცესებიდან. ამ გადაწყვეტილებით „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო წულუკიანის კომისიის შექმნით, რომლის მთავარი დასკვნაც იყო, რომ ომის საქართველომ დაიწყო, აი, ამ დასკვნისათვის სამართლებრივი წონის მიცემა და კონსტიტუციური რეგულირების დონემდე აყვანა სჭირდება. მათ სჭირდებათ საკონსტიტუციო სასამართლოს დონის გადაწყვეტილება, რომ ერთი მხრივ, გაანეიტრალონ კონსტიტუციური ჩანაწერი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით და დაწერონ ის, რაც უწერია წულუკიანს დასკვნაში, ომი საქართველომ დაიწყო. ღალატის კომისიას სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციას სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს დაავალებენ.

„ქართულ ოცნებას“ ლოკალურად ეს ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, რომ რუსული სცენარით იმოქმედონ. რუსებმა ამ დღეების განმავლობაში გააძლიერეს მოთხოვნა და ითხოვენ ივანიშვილისგან, რომ მან ხელი მოაწეროს აფხაზეთზე და ცხინვალზე თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებას. ის სცენარი, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა, ამის მოქმედებისათვის კონკრეტული გაფრთხილებები ივანიშვილმა უკვე მიიღო და სწორედ ამ პროცესს ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დაჩქარება. მათი მთავარი ამოცანაა, რუსული დავალება შეასრულონ. შექმნან კონსტიტუციური საფუძველი იმისათვის, რომ აფხაზეთი და ცხინვალი აღიარონ, თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოუსწორებელ შედეგებამდე მივა საქართველოს ვითარება. მოხდება კონსტიტუციური წყობილობის რღვევა და ავტოკრატიული რეჟიმის საბოლოო გამტკიცება, საიდან ამოსვლაც, ათეული წლების პრობლემა იქნება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში