საპატრიარქოს განცხადებით, სამთავროს მონასტერში ლიტურგია ქართულად აღევლინა და ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა, უცხოელ სასულიერო პირებს კი ასამაღლებლის წარმოთქმის უფლება მშობლიურ ენაზეც საეკლესიო ტრადიციით ეძლევათ

სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამთავროს დედათა მონასტერში საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა, სამთავროს დედათა მონასტერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ, შესაბამისად, ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად, უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება.

"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ცალკეული მოვლენებისა და ფაქტების მცდარი ინტერპრეტაცია არაერთხელ გამხდარა საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების მიზეზი. გამონაკლისი არც წლევანდელი სვეტიცხოვლობა ყოფილა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, რომელთა წარმომადგენლებმაც სხვადასხვა ტაძარსა და მონასტერში საღვთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა. თანამსახურებდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი.

დამკვიდრებული საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ადგილობრივი საეკლესიო იერარქიის კურთხევით, ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად, უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება.

მსგავსი წესი მართლმადიდებელ ეკლესიებში მიღებული პრაქტიკაა. ამ შესაძლებლობით საზღვარგარეთ ქართველი სასულიერო პირებიც სარგებლობენ. ეს, ჩვეულებრივ, საეკლესიო ერთობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა, რომელსაც ყველა ადგილობრივი ეკლესია იცავს.

ასე რომ, სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

აქვე დავძენთ, რომ საეკლესიო სლავური ენა, რუსეთის მსგავსად, სხვა არაერთი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ენაა.

მოვუწოდებთ ყველას, მსგავსი საკითხების გაშუქებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას და თავი შეიკავონ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების ხელშემწყობი ცნობების გავრცელებისგან" - წერია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში