ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკისადმი ძალიან მარტივია: ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის, ახლა მხარდაჭერის შეწყვეტის დრო არ არის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ახლა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების დრო არ არის.
“პირიქით, ახლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - რათა რუსეთი დავარწმუნოთ, დათანხმდეს ცეცხლის რეალურ შეწყვეტას, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეწყვიტოს ეს ომი. ახლა მშვიდობის დროა. ახლა ომის გაგრძელების დრო არ არის. ამიტომ, ძვირფასო ვოლოდიმირ, შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ - არა მხოლოდ ომში მხარდაჭერის კუთხით, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირში თქვენი გაწევრიანების საკითხშიც”, - აღნიშნა კოშტამ.
მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში კიდევ ორი კლასტერი გახსნა და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
“მინდა, თქვენი ძალისხმევა შევაქო. მინდა, შევაქო თქვენი პარლამენტი, რადგან სასტიკი ომის პირობებშიც კი თქვენ აგრძელებთ მუშაობას, მოლაპარაკებებს, გადაწყვეტილებების მიღებასა და რეფორმების განხორციელებას. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ევროპელობის მაგალითს გვაძლევთ. იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ”, - აღნიშნა კოშტამ.