ეუთოს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია უკვე მრავალი წელია შუამავლის როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ ორი მოვალეობის თანხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენს შვეიცარიას ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის კვლავ აქტუალურია კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზების ძიება და ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენება, - ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, იგნასიო კასისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი რჩება ერთადერთ ჩარჩოდ, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და მის მძიმე შედეგებზე. მისივე თქმით, საქართველოსთვის ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელება და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
„ბატონ კასისს დღეს ექნება შესაძლებლობა თავად ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე იხილოს უსაფრთხოების ყოველდღიური გამოწვევები.
საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, რაც ერთი მხრივ გულისხმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ - კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენასა და შერიგებას.
ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ უფრო აქტუალური და მნიშნველოვანი ხდება.
ამ მოცემულობაში საქართველოსთვის სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძებული გადაწყვეტილებების მიღება არის ერთადერთი გზა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას, დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას.
„ეუთოს ფარგლებში ეკონომიკური განზომილება ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელშიც დაკავშირებადობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და საქართველოს როლი ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.
ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ეკონომიკური განზომილების, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მზარდ შესაძლებლობებზე.
ჩვენ ასევე შევეხეთ ეუთო-ს ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას და გამოწვევებს, რომელიც თან ახლავს ორგანიზაციის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობებს.
საქართველო არის ეუთო-ს კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ერთგულია ორგანიზაციის პრინციპების და პატივს სცემს ორგანიზაციასა და მის ინსტიტუტებს.
დღეს სრულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელებას ახლავს თან და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ პრინციპების და ნორმების დაცვაში, რაც საფუძვლად უდევს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სტუმრობს. იგნასიო კასისი უკვე იმყოფებოდა სომხეთში და საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა.
შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ეს ორი ვიზიტი იგნაციო კასისის რეგიონული ვიზიტების პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს; პროგრამის პირველი ნაწილი კი 3-5 აგვისტოს აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განხორციელდა.