საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. ეს ერთი მხრივ, შეიძლება ამბიციური განაცხადია საქართველოს მხრიდან, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო, უკვე ათწლეულებია ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგნაციო კასისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რელევანტურია ამ პოზიციისთვის ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგას და იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში აქვს საქართველოს.
„საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. ეს ერთი მხრივ, შეიძლება ამბიციური განაცხადია საქართველოს მხრიდან, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო, უკვე ათწლეულებია ეუთოს მონაწილე ქვეყანაა, თუმცა შესაძლებლობა არასდროს ჰქონია ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მუშაობაში, ამ რანგში წვლილი შეეტანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რა გამოწვევებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც ჩვენს ქვეყანას რეგიონში აქვს. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს იყო რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან განაცხადის გაკეთება, რათა 2027 წელს თავმჯდომარე გავხდეთ და შევიტანოთ ამ ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში წვლილი. რომელიც დაფუძნებულია დიალოგსა და კონსენსუსზე, რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს ამ მოცემულობაში, როდესაც უფრო მეტ დაყოფას ვხედავთ მსოფლიოში, ვიდრე გაერთიანებას, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ თავმჯდომარეობასთან ერთად, ეს დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია, თავმჯდომარეობის საქმიანობისა. საქართველო კონსტრუქციულად იქნება ამ პროცესში ჩართული, რომ ორგანიზაციის შემდგომი მუშაობის გაძლიერებაში შეიტანოს თავისი წვლილი, როგორც მონაწილე ქვეყანა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.