საკონსტიტუციო სარჩელი არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პერსონალური შურისძიების გაგრძელება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესების ჩანიშვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებების მიუხედავად”, პარტია ოპონირებას არ შეწყვეტს და ბრძოლას სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით გააგრძელებს.
“ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ “ოცნების” მიზანი ამ საკონსტიტუციო სარჩელით არის ქვეყანაში განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და ერთპარტიული, დიქტატორული რეჟიმის დამყარება. “ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ მისთვის იქნება, პირველ რიგში, ძალიან მძიმე შედეგების მომტანი ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ, ჩვენი ბრძოლა იქნება კიდევ უფრო მწვავე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.
ის 88 დეპუტატი, ვინც ხელი მოაწერა ამ სარჩელს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ უმრავლესობას წაკითხულიც და გააზრებულიც კი არ აქვს, თუ საერთოდ რაზე მოაწერეს ხელი, ამ ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დადგება, დღეს იქნება თუ ხვალ. გასაგებია ისიც, რომ “ოცნებაში” გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამას ადასტურებს ქალბატონი მანანა კობახიძის ვადაზე ადრე საკუთარი ნებით უფლებამოსილების შეწყვეტა. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ან გაჩერდება, ან სიმწვავეს, კრიტიკას და ოპონირებას მოაკლებს “ოცნების” არადემოკრატიულ ქმედებებს. პირიქით, ჩვენ გაათმაგებული ძალებით ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა, პირველ რიგში, აი იმ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია ამ ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის დამყარება”, - განმარტა შარაშიძემ.
იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვას, დეპუტატი აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.
“რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი, უახლოეს პერიოდში გაცნობებთ თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ, მაგრამ თავად სარჩელი იმდენად აბსურდულია და თქვენ თუ დააკვირდებით, “ოცნების” ამ დეპუტატების განცხადებებს, თავად როგორ უჭირთ, უბრალოდ ვერ ახერხებენ, თავად რაც უფრო მეტს საუბრობენ, მით უფრო მეტ სისულელეს ამბობენ ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტაციას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მთელს მსოფლიოს დავანახოთ, თუ რეალურად რას ცდილობს “ოცნება”. ოცნება ცდილობს, განსხვავებული აზრის ჩახშობას, განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, არჩევნების გაუქმებას და ერთპარტიული, დიქტატორული რეჟიმის დამყარებას. ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პერსონალური შურისძიების გაგრძელება. როგორც ჩანს, ვიღაცას ეგონა და ფიქრობდა, რომ ჯერ ფიზიკური თავდასხმით, შემდეგ მის წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების აღძვრით, მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის და შურისძიების და ანგარიშსწორების განხორციელებით, არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ მის პოლიტიკურ პარტიასაც შეექმნებოდა პრობლემები. მაგრამ ახლა ოცნება კარგად ხედავს, თუ რამდენად მწვავეა ჩვენი ოპონირება პარლამენტში,” - აღნიშნა შარაშიძემ.