თსუ-ში კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი მიმდინარეობს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე წლის იუბილეს ეძღვნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი მიმდინარეობს, რომელიც აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე წლის იუბილეს ეძღვნება.

კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 60-ზე მეტი მომხსენებელი: საქართველოდან, დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ადიღედან, ინგუშეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ბელარუსიდან, იორდანიიდან…

კონგრესი მოიცავს რამდენიმე პარალელურ სექციას: ენათმეცნიერება, ისტორია, ეთნოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა და ფოლკლორისტიკა, წყაროთმცოდნეობა და არქეოლოგია. კონგრესის მომხსენებლები ასევე არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საფეხურის სტუდენტები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მერაბ ჩუხუა აღნიშნავს, რომ დიდი პატივია ის, რომ დღევანდელი დღე ეძღვნება ივანე ჯავახიშვილს, ადამიანს, რომელიც აზროვნებდა გლობალური მასშტაბით და იყო სრულიად კავკასიის ღირსეული შვილი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღევანდელი დღე ეძღვნება დიდ ივანე ჯავახიშვილს. ადამიანს, რომელიც აზროვნებდა გლობალური მასშტაბით და იყო კავკასიის, სრულიად კავკასიის ღირსეული შვილი, რომელსაც დღემდე ეთაყვანება მთელი კავკასია, ისევე როგორც საქართველო. მისი სიტყვები გახლავთ: „ნებისმიერმა ქართველმა ისევე უნდა იცოდეს კავკასიის ისტორია და ენები, როგორც საკუთარი, ვინაიდან საქართველო იმ თავითვე იყო ამ სამყაროს დიდებული წარმომადგენელი და ინტეგრირებული კავკასიურ სამყაროსთან“.

დღეს განვიხილავთ ყველაფერს: გენეტიკური კვლევები, ისტორიული კვლევები, ლინგვისტური კვლევები, ასევე ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, მითოლოგია, ფოლკლორი, ყველაფერს, რაც კი შეიძლება ითქვას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შორის”,- აღნიშნა მერაბ ჩუხუამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს აკადემიურ პლატფორმას, რომელიც კავკასიის რეგიონის ენობრივ, ისტორიულ, კულტურულ, ეთნოლოგიურ და გენეტიკურ-ანთროპოლოგიურ მემკვიდრეობას კომპლექსურად იკვლევს.

“ეს გახლავთ ინტერდისციპლინური სინერგია (ლინგვისტიკისა და ანთროპოლოგიის სინთეზი). კონგრესის უმთავრესი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ წმინდა საენათმეცნიერო ან ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემატიკით, არამედ აქ ვრცლად განიხილება ენობრივი თუ გენეტიკური ლანდშაფტი; თანამედროვე კავკასიოლოგიაში უმნიშვნელოვანესია ლინგვისტურ-რეკონსტრუქციული მონაცემების (ქართველური, ჩრდილოკავკასიური ენების ეტიმოლოგია და გრამატიკა) შედარება ანთროპოლოგიურ, არქეოგენეტიკურ და ეთნოგრაფიულ აღმოჩენებთან. კონგრესი იძლევა შესაძლებლობას, კავკასიის ხალხთა წარმოშობა (ეთნოგენეზი) განხილულ იქნეს არა ცალკეული ჰიპოთეზებით, არამედ კომპლექსური, მრავალმხრივი მტკიცებულებებით. რეგიონის ავტოქთონური კავკასიური ენები (ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნური) ინახავენ უძველეს ფონოლოგიურ და გრამატიკულ სტრუქტურებს, რომელთა შესწავლაც გადამწყვეტია ზოგადი ენათმეცნიერებისა თუ ტიპოლოგიური კვლევებისათვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს