ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელზეც ბრალდებული ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, ჩვენება მისმა თანაპარტიელმა, ქეთევან ბაკარაძემ მისცა.
ქეთევან ბაკარაძე დეოკუპაციის საკითხთა კომიტეტის წევრია. ის 2019 წელს, იმ პერიოდში, როცა გახარიას კონკრეტული ქმედების განხორციელებას ედავებიან, ბაკარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო. მისი თქმით, ყოველდღიური საქმიანობა იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტების მომსახურება.
ბაკარაძის ჩვენებით, ჩორჩანა, საოკუპაციო ხაზი მათი ინტერესის სფერო იყო.
„ჩორჩანა, თრუსოს ხეობა და რამდენიმე სოფელი იყო აქტიური თემა, მაგრამ ჩორჩანა განსაკუთრებულად”,- განაცხადა ბაკარაძემ.
ბაკარაძის თქმით, ტყის საფარზე ყვითელი ნიშნულები გაჩნდა, რაც მისივე ჩვენებით, რუსული ჩვეული ხერხი იყო. მისი თქმით, მათ განცდა დარჩათ, რომ ახალი ტერიტორიების ბორდერიზაცია იწყებოდა. ბაკარაძის თქმით, ეს 2018 წელს დაიწყო.
„[საგუშაგოს ჩადგმა] მთავრობის წევრებმა ერთად გავიგეთ, მახსოვს, სატელევიზიოო სივრცეში გავიგე, მე თვითონ ვარ ოკუპირებული ტერიტორიიდან და არამხოლოდ, როგორც თანამდებობის პირის, არამედ მოქალაქის ინტერესი მაღალი იყო. ეს იყო სიამაყის განცდა, ჩვენ ყველანი ვამაყობდით, სატელევიზიო სივრცეებში, სხვადასხვა შეხვედრაზე გამიჟღერებია ეს და მე არ ვიყავი ერთადერთი, ვინც ამით ამაყობდა. არაერთი პირი იყო, ვინც ამით ამაყობდა, რომელმაც შემდეგ ფერი იცვალეს... სიამაყის განცდის გარდა, სხვა პოზიციონირება არ მახსოვს",- განაცხადა ბაკარაძემ.
მისივე თქმით, ჩორჩანაში გასულ წელს, დეკემბერს ჩავიდა. მას აინტერესებდა, გეოგრაფიულად გასცნობოდა ყველაფერს, ასევე მოქალაქეებს პირადად გასაუბრებოდა. ბაკარაძის თქმით, მასთან ერთად, შალვა კერესელიძე და გიგა ფარულავაც იყვნენ. მისივე ჩვენებით, სოფელში ბარიერის გარეშე შევიდა. პოლიტიკოსის თქმით, პირველივე შემხვედრმა მოსახლემ მათ უთხრა, რომ გახარია იყო პირველი, ვინც დაინტერესდა მათი საკითხით და მათთან ჩავიდა, დაელაპარაკა, ასფალტი დააგო და გაზიფიცირება მოახდინა.
როგორც ბაკარაძემ თქვა, მოსახლის თქმით, რომ არა საგუშაგო, მათ უსაფრთხოდ ყოფნის განცდა არ ექნებოდათ.
ბაკარაძემ დეტალურად ისაუბრა ჩვენებაში ჩორჩანასა და კიდევ ერთ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი ჩვენებით, მოსახლეობის განმარტებით, 2019 წელს ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო რომ არ ჩამდგარიყო, ტერიტორია დღეს ოკუპირებული იქნებოდა.
ბაკარაძის თქმითვე, ისინი მოსახლეობას ეკითხებოდნენ, რა მოხდებოდა, თუკი საგუშაგოს აიღებდნენ, რაზეც მოწმის ჩვენებით, მოსახლეობა აცხადებდა, რომ იქაურობას დატოვებდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.