ბრალდების მხარის გაოცება ამ საქმეზე დაიწყო გიორგი პაპაშვილის დაკითხვით და კიდევ უფრო გამძაფრდა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის დროს წარმოთქმული არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით, - ამის შესახებ ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. საქმის პროკურორს, ლევან ვეფხვაძეს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენისა და მკაცრი სასჯელის მოლოდინი აქვს.
განაჩენი გიორგი პაპაშვილის საქმეზე 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება.
„ბრალდების მხარეს მოლოდინი იმისა, რომ დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარე რაიმე არსებითს არ იტყოდა, გამართლდა. მათ ისაუბრეს ისეთ საქმისათვის უმნიშვნელო დეტალებზე, რომელიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში კვალიფიკაციის ნაწილზე. აღვნიშნე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, ბრალდების მხარის გაოცება ამ საქმეზე დაიწყო გიორგი პაპაშვილის დაკითხვით და კიდევ უფრო გამძაფრდა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის დროს წარმოთქმული არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით. ნათლად დადასტურდა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით, როგორი არასწორი და არათანმიმდევრული მსჯელობით განავითარეს საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასება. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს წარდგენილ ბრალდებით და განესაზღვრება უმკაცრესი სასჯელი",- განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, მოგვიანებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დააკავეს.
თუმცა, მასთან ერთად გაქცეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში უკვე მსჯარდებული ბაირამ ალი გუსეინოვი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით უკვე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და მსჯავრდებულები არიან მოკლულის მეგობრები, რომლებიც ასევე მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ.
მსჯავრდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4,3-4,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.