სტამბოლში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობა ბოლო 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ განაცხადა.
„ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეების დასახმარებლად, თუმცა, ამავდროულად, 1942 წლის შემდეგ ყველაზე დიდ წყალდიდობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მუსტაფა ჩიფჩიმ იმ ტერიტორიების მონახულებისას, რომლებიც ოთხშაბათს ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად დააზიანა.
წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, სამი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
წყალდიდობის შედეგად ქალაქში დაიტბორა ქუჩები, პარკები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. წყლის ნაკადმა რამდენიმე ავტომობილიც წაიღო.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.