რუმინეთმა განაახლა იმ შვიდი მეზღვაურის ძებნა, რომელიც, სხვებთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაიკარგა მას შემდეგ, რაც შავი ზღვის სანაპიროსთან ქიმიური ტვირთის გადამზიდავ გემს დრონი მოხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაკარგულები იმ 12 მეზღვაურს შორის იყვნენ, რომლებიც სან-მარინოს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „Wine Trader“-ზე იმყოფებოდნენ. გემს ხუთშაბათს, დილით, რუმინეთის ტერიტორიული წყლებიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით დაარტყეს. ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა დანარჩენების პოვნის პროცესს ძლიერი ქარი და ღელვა ართულებს.
ოფიციალური პირების თქმით, Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი გემზე ოთხ მაშველს გადაიყვანს, მიმდებარე წყლებში ძიებას კი გემით განაგრძობენ.
ტანკერი Wine Trader იმ ორი ტანკერიდან ერთ-ერთი იყო, რომლებსაც დაახლოებით 12-საათიანი შუალედით დრონებით დაესხნენ თავს რუმინეთის შავი ზღვის სანაპიროსთან.
მეორე გემს, ქიმიური ნივთიერებებისა და ნავთობის გადამზიდავ ტანკერს, Yara J, რომელიც კომორის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავდა, ოთხშაბათს გვიან, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში დაარტყეს. მისი ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან, გემი კი კონსტანცის პორტში გადაიყვანეს.
რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის თქმით, ორივე გემს დრონებით დაესხნენ თავს, სამხედრო წყარომ ნატო-დან კი განაცხადა, რომ დრონები რუსეთიდან იყო გაშვებული.