ბერდია სიჭინავა - სოფელ ჩორჩანაში ადგილობრივებმა დაადასტურეს, რომ, რომ არა საგუშაგო, სოფელი იქნებოდა დაცლილი და ოკუპირებული - გამოკითხული ადამიანებიდან ერთადერთი ჩორჩანელი მოიძებნა, რომელსაც ათქმევინეს, რომ არ გაუგია, საგუშაგო რომ შენდებოდა

პროცესზე დაკითხული მოწმეები იმყოფებოდნენ სოფელ ჩორჩანაში, სადაც გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნენ ვითარებას და ყველამ ერთხმად დაადასტურა იქ არსებული ვითარება, რომ, რომ არა 2019 წელს აგებული ეს საგუშაგო, სოფელი იქნებოდა დაცლილი,- ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, საგუშაგოს განთავსებას ჰქონდა კრიტიკული მნიშვნელობა უსაფრთხოებისთვის და სოფლის ოკუპაციის შეჩერებისთვის.

„პროცესზე დაკითხული მოწმეები იმყოფებოდნენ სოფელ ჩორჩანაში, სადაც გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნენ ვითარებას და ყველამ ერთხმად დაადასტურა იქ არსებული ვითარება, რომ რომ არა 2019 წელს აგებული ეს საგუშაგო, სოფელი იქნებოდა დაცლილი. სოფელი იქნებოდა ოკუპირებული რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და სოფელს მოუწევდა საკუთარი სახლების დატოვება, საკუთარი კარ-მიდამოს დატოვება. საგუშაგოს განთავსებას ჰქონდა კრიტიკული მნიშვნელობა სოფლის უსაფრთხოებისთვის და სოფლის ოკუპაციის შეჩერებისთვის და ზუსტად ეს გარემოებები დაადასტურეს დღეს მოწმეებმა.

პროკურორები, მოწმეებს ედავებოდნენ თუ რატომ არ იყვნენ შესულები წვიმიან ამინდში ტყეში, ზამთარში, დეკემბერში, როდესაც არც ერთ პროკურორს, რომელიც ამ საქმეზე გამოდის, არც ერთ გამომძიებელს, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, ერთხელაც არ მოსვლიათ აზრად, ჩასულიყო სოფელ ჩორჩანაში, დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი და მინიმუმ კოორდინატები დაესვა იმ ტერიტორიებისთვის, რომელზეც დავობენ, რომ ეფექტური კონტროლი ვერ ხორციელდება.

ეს არის რეალურად რუსული საოკუპაციო რეჟიმის ნარატივებით გასამართლება საკუთარი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის და ამაზე პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს "ოცნების" ხელისუფლების ყველა იმ პერსონას რომელიც ამ დანაშაულებრივ ღალატშია ჩართული.

ადამიანები საჯაროობას ერიდებიან გარკვეული მიზეზების გამო, ყველა ოჯახში ნამყოფია სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი და ნათქვამია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში არ უნდა იყვნენ არც ჟურნალისტებთან და არც დაცვის მხარესთან.

ერთადერთი ჩორჩანელი მოიძებნა მთელი ამ გამოკითხული ადამიანებიდან, რომელსაც ათქმევინეს, რომ არ გაუგია საგუშაგო რომ შენდებოდა",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს