საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და მათ ფიქტიური ხელშეკრულებები გაუფორმა.
„ბრალდებულმა დაზარალებულებს პირადი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა, რაც მიისაკუთრა და მიიმალა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს 472 000 ლარის ზიანი მიადგათ.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.