პროკურორის განცხადებით, სამივე ბრალდებულის: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს

პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის განცხადებით, სამივე ბრალდებულის: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

კერძოდ, პროკურორი განმარტავს, რომ ვატო ყიფიანის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, ასევე, გასათვალისწინებელია მისი პიროვნული მახასიათებელიც და მისი ნასამართლობა.

პროკურორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებულები თავისუფლებაში იქნებიან, დაზარალებულს მისი პოზიციის სასამართლოში გაჟღერება შესაძლოა, გაუჭირდეს.

რაც შეეხება ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწროს“, პროკურორის თქმით, მისი მხრიდანაც არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

პროკურორის განმარტებით, დაზარალებული ერთი იყო და სამი გაუსწორდა ფიზიკურად. ამ შემთხვევაშიც, პროკურორის თქმით, ბილანიშვილის პიროვნული მახასიათებელი უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ ის არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე.

„ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“დაახლოებით, 30-ჯერ არის დაჯარიმებული 1500-2000 ლარით, ავტომანქანის მართვის მოწმობის გარეშე მართვის გამო. მას არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი და იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს“, - აცხადებს პროკურორი.

პროკურორი აცხადებს, რომ დაკავებულ შოთა ყიფიანის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს.

„ბრალდება ითვალისწინებს შოთა ყოფიანის პიროვნულ მახასიათებელს, დაზარალებულის ჩვენებას, ვიდეოჩანაწერებს. შოთა ყიფიანი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლები, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით. აღნიშნულის შემდეგ მის მიმართ კიდევ სხვა განაჩენებია დამდგარი, მათ შორის, გამოძალვაზე, მუქარაზე“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განმარტებით, შოთა ყიფიანმა ახალი დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, შოთა ყიფიანის მხრიდან მიმალვის საფრთხეც არის, ვინაიდან მას გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის სასჯელი გაუცოცხლდება, რის გამოც, შესაძლოა, მიიმალოს.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს