მოხდა რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება და ბრალდებულებმა იძალადეს დაზარალებულზე. ტკივილი განიცადა ადამიანმა, როდესაც ხელი დაარტყეს სახეში. ეს ყველაფერი მოხდა რესტორანში, - ამის შესახებ პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
პროკურორის თქმით, საქმეზე გამოძიება დაზარალებულის მომართვისა და შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
„ჩადენილია ძალადობრივი კატეგორიის დანაშაული პირთა ჯგუფის მიერ, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ როდესაც დააკმაყოფილა შუამდგომლობა, სავარაუდოდ, გაითვალისწინა პიროვნული მახასიათებლები, წარსული ნასამართლეობა და ერთობლიობაში შეაფასა, რომ მათგან მომდინარე საფრთხეს გაანეიტრალებდა მხოლოდ პატიმრობა.
მოხდა რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება და ბრალდებულებმა იძალადეს დაზარალებულზე. ტკივილი განიცადა ადამიანმა, როდესაც ხელი დაარტყეს სახეში. ეს ყველაფერი მოხდა რესტორანში. დაზარალებულის მომართვისა და შეტყობინების საფუძველზე დაიწყო პოლიციამ გამოძიება. დაზარალებულმა მეორე დღეს მოგვმართა“, - განაცხადა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროსა და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.