„ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარეობს კლანური ბრძოლა, რომელიც არის სამკვდრო-სასიცოცხლო, რომელიც ვერ ითოკება და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის ნოყიერ ნიადაგს ამ რეჟიმის დემონტაჟისთვის იმიტომ, რომ ეს ვერ იქნება ამ რეჟიმის სიძლიერე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.
ფავლენიშვილი 17 ოქტომბერს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომასაც გამოეხმაურა, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მისი თქმით, ეს იქნება მორიგი დემონსტრირება იმის, რომ თითქოს მმართველი პარტიის წევრები ისევ ერთი ორგანიზმის ნაწილი არიან.
„მე არ დავიწყებ წინასწარმეტყველებას, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე. ჩემი აზრით, შეიძლება, არც კობახიძემ თუ სხვა მაღალჩინოსნებმა იცოდნენ „ქართულ ოცნებაში”, თუ რას უპირებს მათ ბატონი. რაც შეიძლება ყველაზე ლოგიკური იყოს ამ ძალიან მძიმე შიდა კრიზისის ფონზე, ეს ალბათ იქნება ივანიშვილის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ „ჩვენ ისევ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი ვართ”. ვაი, ასეთ ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმს, სადაც ყოველ მეორე დღეს, მამლის ყივილამდე უარყოფენ ერთმანეთს.
პოლიტიკურ მკითხაობას არ დავიწყებ, თუმცა ველოდები, რომ უფრო მეტი სიბინძურე ამოვა ზედაპირზე, უფრო მეტ ადამიანს დააკავებენ და უფრო მეტი დაპირისპირება იქნება. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტეს, ბატონი რიჟვაძე. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანები მრავალი წლით გაიმეტეს ციხისთვის და ეს იმიტომ არის გამეტება, რომ კორუმპირებულები რომ არიან და დანაშაულებს ჩადიან, ეს იციან კი არა, ამიტომაც არიან მაღალ თანამდებობებზე. ივანიშვილს შერჩევის ძალიან მარტივი კრიტერიუმები აქვს - თუ ადამიანი გასვრილი არ არის რაიმე ტიპის კორუფციასა და დანაშაულში, მას ასეთი ადამიანი კომპრომეტირებული არ ჰყავს, შესაბამისად, არ სჭირდება და არც დანიშნავს მაღალ თანამდებობაზე.
ეს ყველაფერი ახლა იმიტომ ამოვიდა ზედაპირზე, რომ ძალიან ღრმა შიდა კრიზისი აქვთ, ვერ ალაგებენ ვერც ქუჩას. ამას ხომ ყველა ხედავს, რომ ადამიანები, რომლებიც თუნდაც კორუფციასთან ან კრიმინალთან არიან დაკავშირებულები, ყველა მათგანი საკადრო წმენდაშია მოხვედრილი.
„ქართულ ოცნებას” ოლიგარქიული და კრიმინალური მიდრეკილებები ჰქონდა ყოველთვის, მმართველობის ყველა ეტაპზე, უბრალოდ ამ ეტაპზე ვეღარ იჭერს ვერცერთ ძირითად მიმართულებას და ამიტომ აქვს ღრმა კრიზისი”, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიების აკრძალვის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი არის არა უშუალოდ პარტიების, არამედ ქართული სახელმწიფოს აკრძალვად შეაფასა.
„ბიძინა ივანიშვილის წინაშე ახლა არის ძალიან მძიმე არჩევანი, ის არის ორ ცეცხლს შუა. ერთი მხრივ, მას სთხოვენ რუსეთიდან ყველა ინსტრუქციის საბოლოო შესრულებას იმიტომ, რომ მას 14 წელი ჰქონდა ამისთვის და მისი ამოცანაა, რომ ყველა ეროვნული მოძრაობა მოაშთოს, რაც ვერ მოახერხა ჯერ. „ნაცების” დასრულებაზე რომ საუბრობდნენ, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას” გულისხმობდნენ და სხვა ოპოზიციურ ძალებსაც და იგულისხმებოდა ის, რომ ყველა ძალა, რომელიც არის პატრიოტული და ანტისაოკუპაციო, უნდა იყოს განადგურებული, რომ თავისუფალი მედია აღარ არსებობდეს. როგორც პუტინსა და ლუკაშენკოს აქვთ თავიანთი ავტორიტარული წალკოტი შექმნილი, ისეთი წალკოტი უნდა შეექმნა ივანიშვილს.
ეს მოთხოვნები სახეზეა და ჩანს. ივანიშვილი ერთი მხრივ, რუსებისგან არის პრესინგში, რომ ყველა მთავარი ინსტრუქცია შეასრულოს. წულუკიანის კომისიის დასკვნა არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე, ეს გახლავთ ქართული სახელმწიფოს აკრძალვა. ამ დასკვნის მიხედვით, საქართველოს ჰყავდა დამნაშავე რეჟიმი, რომელმაც აგვისტოს ომი დაიწყო. ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ხდება ასე და შეგიძლიათ პრეცედენტები ნახოთ - თუ ქვეყანას ჰყავს დამნაშავე რეჟიმი, რომელიც იწყებს ომს, ის არის საომარი მოქმედებების ინიციატორი და ამით არღვევს საერთაშორისო კანონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ამ ქვეყნის ტერიტორიული დანაწევრებისთვის იქმნება ნოყიერი სამართლებრივი გარემო.
„ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი მანანა კობახიძე მიხვდა, რომ ეს მხოლოდ რეპუტაციული ზიანი არ არის, არამედ ფსონია იმაზე, რომ მთელი დინასტია იქნება ივანიშვილების მმართველობა. ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რომ ხელი გაქვს მოწერილი, ეს იქნება მუდმივი დამღა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.