„ქართული ოცნება“ ელოდებოდა, რომ ორ მოსამართლეს გასვლოდა ვადა, ახალმა მოსამართლეებმა კი ფიცი დადეს თუ არა, იმავე დღეს მოხდა ამ სარჩელის პლენუმისთვის გადაცემა იმ მოსამართლეთა კოლეგიიდან, რომელიც წესით, საქმეს კარგად არ უნდა იცნობდეს. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. მათ ჰქონდათ შიში, რომ ის ორი მოსამართლე, ტუღუში და კვერენჩხილაძე, ასევე მანანა კობახიძე და ამბობენ, რომ იყო მეოთხე მოსამართლეც [რვა მოსამართლეა სულ], თუ ისინი წავიდოდნენ ამ სარჩელის წინააღმდეგ, ხმათა გაყოფის შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა. ახლა კი მოიყვანეს მათთვის სასურველი კადრი, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
კოპალეიშვილის თქმით, სარჩელი ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა სტანდარტს, ამ შემთხვევაში კი საკონსტიტუციო სასამართლოს ის უნდა დაეხარვეზებინა.
„სარჩელი არის დაუსაბუთებელი და პოლიტიკურ პარტიებს რასაც ედავებიან, არის ის, რასაც თვითონ არღვევენ. სხვებს ედავებიან დემოკრატიის დარღვევა და ამის მაგალითად კონსტიტუციის მესამე მუხლი მოჰყავთ, ამ დროს კი ყოველ ნაბიჯზე თავად დემოკრატიის საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებენ. რაც ამ სარჩელში წერია, იმას სჭირდება მტკიცებულებებით გამყარება, მტკიცებულებათა სტანდარტი. სარჩელს რომ წაიკითხავთ, მტკიცებულებათა სტანდარტს კი არ აკმაყოფილებს, ჭორაობის დონეზეა წარმოდგენილი. მაგალითად, „ქართული ოცნების” რომელიღაც წევრს მიაჩნია, რომ ეს ასეა ან უნდა რომ ასე იყოს. სხვათა შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერიც, რომელიც ამ სარჩელის წარმოებაში მიღებაზეა და არსებითი განხილვა რითაც დანიშნა, იქაც კი, აღწერილობით ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლო ერთი ერთში იმეორებს „ქართული ოცნების” რიტორიკას მაშინ, როდესაც თავად საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო, სანამ ამ სარჩელს წარმოებაში მიიღებდა, დაეხარვეზებინა და მოსარჩელისათვის მოეთხოვა, რომ შესაბამისი მტკიცებულებათა სტანდარტი ყოფილიყო დაცული თითოეული პარტიის მიმართ თითოეულ ბრალდებაზე. ეს ასე არ არის და სარჩელი ჭორაობის დონეზეა ჩამოყალიბებული. ერთადერთი, იმას ამბობენ, რომ ეს მტკიცებულებები პარლამენტის კომისიის დასკვნაშია წარმოდგენილიო, რომელიც შექმნა და ჩამოაყალიბა ისევ „ქართული ოცნების” მიკერძოებულმა კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა და კომისიის შემადგენლობაში „ქართული ოცნების” წევრები იყვნენ. ვინმემ რომ თქვას, იქ „ხალხის ძალაც” იყო წარმოდგენილიო, ამას ვინ დაიჯერებს, ისინიც „“ქართული ოცნების” წევრები არიან. შესაბამისად, ეს დასკვნაც ვერ აკმაყოფილებს იმ მტკიცებულებათა სტანდარტს. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დადგეს ერთად. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ თავს ვერ დავიცავთ, აქ საუბარია სოლიდარობაზე ქვეყნის ინტერესებისათვის და არა სოლიდარობაზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც ახლა ამ სარჩელშია დასახელებული”, - განაცხადა კოპალეიშვილმა.