ირაკლი მელაშვილი - „ოცნების” ფულიან წევრებს ივანიშვილისგან გარანტიები სჭირდებათ, უნდოდათ მისგან გაეგოთ, რა ხდება - საკონსტიტუციო სარჩელი კი ვინც შეიტანა, ან საბოტაჟს აწყობს შიგნით, ან კლინიკური უვიცია, ხვალ ეს გახდება „ოცნების“ აკრძალვის იურიდიული საფუძველი

„ქართული ოცნების” ფულიან წევრებს დღეს ბიძინა ივანიშვილისგან დამატებითი გარანტიები სჭირდებათ. უმრავლესობისა და ოლიგარქიულ-ფინანსური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც არიან პარლამენტში, უნდოდათ ბიძინასგან გაეგოთ, რა ხდება, - ამის შესახებ

ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შეხვედრასა და მასზე პარტიის საპატიო ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის დასწრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში პოლიტსაბჭოზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მთავარი ფაქტორი მიმდინარე მოვლენებია, „ქართული ოცნების“ ფულიან წევრებს, თავად ბიძინა ივანიშვილისგან სჭირდებოდათ გარანტიები და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძისაგან.

ამასთან, ანალიტიკოსის აზირთ, ამ მომენტში მმართველ პარტიაში ორი მნიშვნელოვანი საკითხია “კობახიძე-ღარიბაშვილის ჭიდილში ვისი მხარე დაიჭირონ” და რუსეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიები.

„უკვე ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როდესაც „ქართული ოცნების“ ფულიან წევრებს, რომლებსაც მსხვილი ბიზნესები აქვთ, სხვა გარანტიები სჭირდებათ და არა კობახიძის. ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა: ხალხმა უნდა იცოდეს კობახიძე-ღარიბაშვილის ჭიდილში ვისი მხარე დაიჭირონ და ვის აგინონ. ეს ღარიბაშვილის ამბავი ვისგან მოდის.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რუსეთთან ურთიერთობა. ივანიშვილი 14 წლის განმავლობაში იყო იმის გარანტი, რომ რუსეთთან საქართველოს პრობლემები არ ექნებოდა. რამდენიმე დღის წინ მოხდა ის, რაც მოხდა. სანქცირებულია რამდენიმე ქართული კომპანია. თან ისეთი კომპანიები, რომლებზეც ვერ ვიტყვით, რომ უხარისხო პროდუქციას უშვებენ. ძალიან აქტიურები არიან საერთაშორისო ბაზარზე და მათი პროდუქტის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს არ დამდგარა. ბუნებრივია, ყველა ხვდება, რომ ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, უმრავლესობისა და ოლიგარქიულ-ფინანსური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც არიან პარლამენტში, უნდოდათ ბიძინასგან გაეგოთ, რა ხდება. ამ პრობლემებზე და ამ კითხვებზე ჰქონდა ბიძინას პასუხი გასაცემი და მე მგონია, მათი შეკრებაც ძირითადად ამას შეეხებოდა“, - განაცხადა მელაშვილმა.

რაც შეეხება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელს, მელაშვილი მას ხელისუფლებისთვის დამაზიანებელ ნაბიჯად აფასებს, „ხვალ ეს გახდება „ქართული ოცნების“ აკრძალვის იურიდიული საფუძველი”.

„წინ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა. ვინც ეს საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, ან საბოტაჟს აწყობს ხელისუფლების შიგნით, ან არის კლინიკური უვიცი, რომელსაც არა თუ უმაღლესი იურიდიული დიპლომი, არამედ სკოლის ატესტატიც არ უნდა მისცე. სარჩელში წერია ასეთი რამ, რომ კიდევ არსებობენ პარტიები, მაგრამ მათ მხარდამჭერები არ ჰყავთ და მათი აკრძალვის საკითხი დადგება, იმ შემთხვევაში თუ მათაც გამოუჩნდებათ მხარდამჭერები. ეს ხელისუფლების ისტორიაში დარჩენილი იდიოტიზმია. ისტორიას რომ თავი დავანებოთ, ეს არის პირდაპირი საფუძველი, რომ მმართველი პარტია გამოცხადდეს ავტორიტარულ, დიქტატორულ ძალად.

ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი. საკონსტიტუციო სარჩელში წერია, რომ პარტია შეიძლება აიკრძალოს მაშინ, როდესაც მას მხარდამჭერები გაუჩნდება. აკრძალვის მოტივი იქნება არა ის, კანონს არღვევს თუ არა, არამედ ის, რაც იქ წერია. ხვალ ეს გახდება „ქართული ოცნების“ აკრძალვის იურიდიული საფუძველი, რადგან თუ ისინი დღეს ხელისუფლებაში არიან და იძახიან, რომ ოპოზიცია ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს, ოპოზიციაც იძახის, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს. ვის უფრო მეტი არგუმენტი აქვს ამასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშანია. ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და მათ აქვთ ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომელიც რუსეთის ინტერესებშია. თუკი ოპოზიციის სალანძღავი ფაქტორია ის, რომ მათ კაია კალასი უჭერს მხარს, „ქართული ოცნების“ „დღეგრძელობის“ საფუძველი რატომ არის, რომ ზახაროვა უჭერს მხარს.

ეს სარჩელი არის გზავნილი რუსეთისათვის, რომ რაღაც ზეწოლებს ვპასუხობთ და თქვენს მტრებს ვკრძალავთ, რათა კიდევ დრო გაწელონ. დასავლეთის მომხრეებს ამით ვერ აკრძალავენ. აგენტები ვერ ქრებიან, ასე არ არის. ივანიშვილი არ არის ასეთი სულელი. რუსეთს ეთამაშება და კიდევ უფრო დროს წელავს. საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, რა მოხდება ამერიკაში. დემოკრატების მოსვლა ამათთვის კატასტროფაა, დემოკრატები ძალიან მძიმე განწყობით არიან ამათ მიმართ დამოკიდებულები. მთელი მსოფლიო ელოდება, რა იქნება ამერიკაში შუალედურ არჩევნებზე.

ბევრ რამეზეა დამოკიდებული პარტიების აკრძალვის საკითხს ბოლომდე მიიყვანენ თუ არა, მათ შორის იმაზე, ვინ აწვდის მას ინფორმაციებს და ვინ უჩურჩულებს ყურში რაღაცებს. თუ მაგ მიმართულებით წაიყვანეს, რომ მოლდოვაშიც აკრძალეს, უკრაინაშიც აკრძალეს, გასაგებია, მაგრამ იქ სხვა შემთხვევები იყო.

მთავარი ამბავი იმაშია, რომ თუ დააჯერეს ივანიშვილი, რომ ამ პარტიების აკრძალვის თემას არაფერი არ მოჰყვება. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ დღეს ერთადერთი, ვისაც აწყობს, რომ საქართველოს კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან საბოლოოდ ჩაიჩეხოს, არის რუსი. ვინც ამას აკეთებს, ასრულებს პირდაპირ რუსის დავალებას. ივანიშვილი საკმაოდ მარტივად ექცევა სხვისი ზემოქმედების ქვეშ. ის არ ეცნობა მედიებს, მისი საინფორმაციო წრე არის საკმაოდ შეზღუდული და არის ძალიან მოწყვლადი ჭორებზე. ეს არის მისი მინუსი. ამიტომ ადამიანები, რომლებიც მას წვეთ-წვეთად უნერგავენ, რომ პარტიების აკრძალვა არაფერს არ გამოიწვევს, მისი მტრები არიან”, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ამასთან, მელაშვილმა ისაუბრა მართველ პარტიაში და გუნდში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებზე, მისივე შეფასებით, საკადრო ცვლილებებზე საუბარი და ირაკლი კობახიძის გადაყენების მოლოდინი არარელევანტურია.

„კობახიძის მოხსნაზე ფიქრი არარელევანტურია. რიგგარეშე არჩევნებამდე მიდის მაშინ საქმე, რაც შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებისა და პროცესის ნაწილი იყოს. პოლიტიკური პროცესი იწყება მხოლოდ მაშინ, თუ იმის აუცილებლობაა, რომ რაღაც ცვლილებები დადგება. თუ პოლიტიკური პარტიები ამ მდგომარეობაში არიან, არაფერი არ იცვლება პოლიტიკურ ველზე, მაშინ მე შიგნით ამ არეულობას რატომ დავიწყებ? არ არის ასე მარტივად საქმე. გადააყენა ღარიბაშვილი, მოვიდა კობახიძე და მაინც შეიქმნა პრობლემა. აგერ არის ღარიბაშვილის წერილები. მას არ აქვს ისეთი სკამი პოლიტიკაში, რომ ვინმე მოიყვანოს. არის საუბარი, რომ ქვრივიშვილი ან ბოჭორიშვილი მოიყვანოს, რისი დამჭერები არიან ისინი ან ერთი კაცი მანახეთ, ვინც მათ პოლიტიკურ ფიგურებად აღიქვამს?

ძალიან მარტივად უყურებთ მძიმე თემებს, მართვადობის პრობლემაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ტურბულენტურია გარემო. აქეთ ეს მილიონერებიც რომ სხედან, იმათ ფიცი კი არ აქვთ ივანიშვილისთვის მიცემული, ყოველთვის არის საშუალება, რომ ფეხი დაკრა და გარეთ გაიტანო ფული. ბიზნესმა თუ გადაწყვიტა ფულის გარეთ გატანა, ეკონომიკურად დააქცევს ეს ქვეყანას. უამრავი გამოწვევა არსებობს და ეს შიდა რყევები არაფერში არ სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს.

ივანიშვილს ხალხი ვინც ჰყავს გარშემო, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, პოლიტიკური ფიგურები მანამ არიან, სანამ თანამდებობა აქვთ. მდინარაძე მედიას რომ არ გაახსენდეს და ხმა არ ამოიღოს, მის ოჯახს დაავიწყდება, რომ ხელისუფლებაში იყო. რამდენი კაცი გამოვიდა ღარიბაშვილის დასაცავად? არადა, მას ჰყავდა მხარდამჭერები, განსხვავებით კობახიძისა და მდინარაძისაგან. ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ ისეთი ხალხისგან ჰყავს დაკომპლექტებული უმრავლესობა, წკიპურტი რომ მიარტყას და გადააგდოს, არანაირი გართულება არ მოჰყვება. ასე რომ, მდინარაძის დაჭერა არ იქნება პოლიტიკური მოვლენა, იქნება მედია მოვლენა ერთი-ორი დღის განმავლობაში, მაგრამ არა პოლიტიკური, რადგან ის პრობლემას ვერ შექმნის”, - განაცხადა მელაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს