ყველანი განვიცდით ბრაზსა და სირცხვილს - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საფრანგეთში საპროტესტო აქციების ფონზე ფრანგი ხალხისადმი მიმართვაში.
ემანუელ მაკრონმა მიმართვა საფრანგეთის ქალაქებში "მომხდარი წარმოუდგენელი ძალადობის“ გახსენებით დაიწყო.
„თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და მუნიციპალურ შენობებზე, ზოგიერთი კი განადგურდა კიდეც“, - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, ჩნდება კითხვა, როგორ შეუძლიათ ფრანგებს ასე მოექცნენ საფრანგეთს.
„ასობით პოლიციელი დაშავდა. როდესაც კადრებს ვუყურებდით, ყველას გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, ასე მოექცნენ საფრანგეთს?“, - დასძინა მაკრონმა.
მისი თქმით, არაფერი ამართლებს არეულობებსა და მიყენებულ ზიანს.
„ამაღამ ყველანი განვიცდით ბრაზსა და სირცხვილს. აუტანელია იმის ყურება, თუ როგორ არის დარბეული ჩვენი ქალაქები და მათი ქუჩები“, - აცხადევს ის.
მაკრონმა ერთიანობისკენ მოწოდება გააჟღერა და მოქალაქეებს „სიმშვიდისა და პატივისცემისკენ“ მოუწოდა.
კერძოდ , მაკრონმა თავის მიმართვა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრით დაასრულა, რომელიც მომავალი წლის აპრილში გაიმართება.
მისი თქმით, დებატები უნდა წარიმართოს „პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ საჯარო შეხვედრებზე და არა ქუჩაში, ძალადობის გზით“.
„ეს დებატები უნდა შედგეს საინფორმაციო სივრცეში, გაზეთებსა და ტელევიზიებში, მშვიდობიან შეხვედრებზე, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივისცემით ესაუბრებიან და არავითარ შემთხვევაში არეულობასა და ქაოსში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საფრანგეთი იმსახურებს ღირსეულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
"ეს მართლაც მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლიან მიდგომას მოითხოვს“, - აცხადებს ის.
სიტყვის დასასრულს მან მოუწოდა ხალხს, „სიმშვიდისა და ერთმანეთისადმი პატივისცემისკენ“ და ფრანგებს მიმართა: „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ“.