საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნეზის გადადგომის შეთავაზება არ მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეს სასახლის განცხადებით, მაკრონმა აღნიშნა, რომ ნუნეზი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, რათა პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებში ბრძანებების გადაცემის უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს. ამასთან, პრეზიდენტმა ნუნეზს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს ახალი მიდგომები მოროდიორებთან გასამკლავებლად.
შეგახსენებთ, შაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა: სხვადასხვა ქალაქში აგრესიული ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაიწვა მუნიციპალიტეტის შენობა, გაიძარცვა მაღაზიები. კვირას დაპირისპირებები მოხდა პარიზსა და მარსელში, სადაც კომერციული ობიექტების გაძარცვის მცდელობების აღსაკვეთად საპოლიციო ძალები ჩაერივნენ.
საპროტესტო გამოსვლები მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია, რაც ცხოვრების ხარჯების ზრდას, საჯარო სერვისების მუშაობის გაუარესებასა და სკოლებში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.