კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ღია რეჟიმში ჩატარდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.
პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობა კი სასამართლოში პროკურორმა დააყენა.
სახელმწიფო ბრალმდებლის, ანი ლეკიაშვილის განმარტებით, საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ქრთამის შესაძლო აღებას. აღნიშნულ პროცესზე კი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს არაერთი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, რა დროსაც შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოება გაჟღერდეს. შესაბამისად, ლეკიაშვილის თქმით, პერსონალური მონაცემებისა და პროცესზე გაჟღერებული ინფორმაციის დაცვის მიზნით, სხდომა უნდა დახურულიყო.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ადვოკატები შუამდგომლობას კატეგორიულად არ ეთანხმებიან და დახურვის მოტივაცია საზოგადოებისთვის ინფორმაციის დამალვას ემსახურება.
ადვოკატის თქმით, ეს ბრალდების მხარის ინსტრუმენტია, „დამალოს და შეფუთოს ყველაფერი”.
ბარათაშვილის თქმით, თავად ბრალდების მხარემ განასაიდუმლოა მასალები, შესაბამისად, სხდომის დახურვის საფუძვლები არ არსებობს.
ადვოკატები კითხვას სვამდნენ, თუ რატომ არ იყო დახურული ჯუანშერ ბურჭულაძის სხდომა და რატომ უნდა დაიხუროს ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ დახურა.
აღნიშნულ შუამდგომლობამდე დაცვის მხარემ პროკურორ ანი ლეკიაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი, პროკურორის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული პროკურორის მიერ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მისამართით გაკეთებულ კომენტარს ეხება. კერძოდ კი, ბარათაშვილის თქმით, ლეკიაშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია საფუძველს აცლის ღარიბაშვილის ბრალეულობას და ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მან ირაკლი ღარიბაშვილს ქრთამის სახით 750 000 ლარი გადასცა.
შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი. ანი ლეკიაშვილის თქმით, მისთვის აცილების მოთხოვნის შუამდგომლობა გაუგებარი და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია. მისივე თქმით, ის წინა სისხლის სამართლის საქმეში იყო პროკურორი და არა ადვოკატი, შესაბამისად, მისი აცილების საფუძველი არ არსებობს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სხდომას არ ესწრება ირაკლი ღარიბაშვილი. სასამართლოში წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ღარიბაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება შეეთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა,
ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.