ირაკლი კობახიძე საკმაოდ სუსტად გამოიყურება თავისივე გუნდში, მას ივანიშვილის მხარდაჭერა დასჭირდა, რათა „ქართულ ოცნებაში“ გავლენები და რესურსი შეინარჩუნოს, ზურაბ პატარიძის პოლიტსაბჭოში შემოყვანა კი არის სიგნალი, რომ შესაძლოა, ის მართლაც განიხილებოდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში პრობლემები რომ არ ყოფილიყო, პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩნდებოდა.
ცქიტიშვილის თქმით, ფაქტია, ირაკლი კობახიძის მიერ ჩამოყალიბებული სისტემა არ მუშაობს და ბიძინა ივანიშვილს გუნდის წევრების წინაშე იმის თქმა დასჭირდა, რომ ირაკლი კობახიძე კარგი პრემიერია.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ზურაბ პატარიძემ ირაკლი კობახიძე შეცვალოს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა, განხილვის საგანი მართლაც იყოს და პატარიძე პარტიის პოლიტსაბჭოში ამიტომაც შეიყვანეს.
„ცალსახაა, ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩნდებოდა, თუნდაც ასეთ ვითარებაში, პარტიის შიგნით პრობლემები რომ არ ყოფილიყო. მოვისმინეთ მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადება, რომ ძალიან ბევრი ილაპარაკეს ირაკლი კობახიძეზე და მხოლოდ აქეს. ესე იგი, რაღაც პრობლემები იყო და ბიძინა ივანიშვილისგან მისი ქება აუცილებელი იყო. ეს მეტყველებს, რომ შიგნით იყო პრობლემები და ივანიშვილს დასჭრიდა თქვას, რომ ირაკლი კობახიძე კარგი პრემიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს კონტროლი უმრავლესობაზე და ის ვერ აკონტროლებს პროცესების, მაგალითად მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე მის გვერდზე აღარაა. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძის მიერ ჩამოყალიბებული სისტემა არ მუშაობს და ფაქტია, რომ კობახიძეს დასჭრიდა ივანიშვილის მხარდაჭერა, რათა „ქართულ ოცნებაში“ გავლენები და რესურსი შეინარჩუნოს.
ასევე, გავრცელებული იყო ჭორი, რომ პატარიძე შესაძლოა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდეს. მე ვფიქრობ, ეს ჭორი კი არ დაადასტურა, მაგრამ ვალიდური დატოვა. ამ ჭორზე თქვა, რომ ეს შესაძლოა განხილვის საგანი მართლაც იყოს და ამიტომაც პატარიძე შემოყვანილია პოლიტსაბჭოში. იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლო ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი შემცვლელი იყოს პატარიძე. თუ ეს ასე არაა და პატარიძე არაა შემცვლელი, არ იყო აუცილებელი ამ თემაზე დღეს გაეკეთებინათ განცხადება, მაშინ როცა ირაკლი კობახიძე საკმაოდ სუსტად გამოიყურება თავისივე გუნდში. როდესაც პატარიძე შემოჰყავთ პოლიტსაბჭოში, ეს არის სიგნალი, რომ შესაძლოა ის მართლაც განიხილებოდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის წინაპირობა მომზადებული ჩანს,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უკმაყოფილება და გარკვეული დისკომფორტია.
მისი თქმით, ეს პროცესი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაწილისთვისაც ძალიან მტკივნეულია და მათ ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება უნდა აიძულოს.
ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ სარჩელი არა მხოლოდ პარტიების აკრძალვას, არამედ კიდევ უფრო ფუნდამენტურ პრობლემას შეიცავს - საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალებას.
„მე ვფიქრობ, რომ არც ისე ერთგვაროვანი უნდა იყოს დამოკიდებულება იმ საკონსტიტუციო სარჩელის მიმართ, რომელიც თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ ერთსულოვნად წარადგინა. მე მგონია, რომ რყევები არის. ეს არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა, ეს კიდევ უფრო ფუნდამენტურ პრობლემას შეიცავს - ეს არის საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალება. ეს სარჩელი ამბობს, რომ რუსეთმა კი არ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ აიძულა, რუსეთი შემოსულიყო საქართველოში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იმ სარჩელში. რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა და ერთპარტიულ დიქტატურაზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მაგრამ ეს არ არის გამოუსწორებელი. ანუ, ეს შეიძლება გამოსწორდეს რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, მაგრამ თუ სახელმწიფომ დაადასტურა ის, რომ საქართველომ თვითონ მისცა რუსეთს საქართველოში ინტერვენციის მოტივი და საფუძველი, ეს ფუნდამენტურად ისტორიულად დამაზიანებელი საკითხი იქნება, რომლის გამოსწორება რეჟიმის ცვლასთან ერთად, ასე მარტივად ვერ მოხდება. მე არ მგონია, რომ „ოცნების“ ყველა წევრი, ვისაც ხელეწიფება რაღაცა, ასე მარტივად უყურებდეს ამას. მე ვფიქრობ, ეს იქნება მორალურად რთული დილემა - ადამიანებს შეუძლიათ მოაწერონ ხელი ისტორიულ ღალატს, ან უარი თქვან. მე რამე განსაკუთრებული გმირობას არ ველოდები არავისგან, მაგრამ ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომლითაც მათ უნდა იცხოვრონ,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას პირადად არ აიღებს და ეს პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეზე უნდა იყოს. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს სარჩელი ბოლომდე სწორედ ირაკლი კობახიძემ უნდა მიიყვანოს.
„მე მგონია, რომ მისი ერთ-ერთ მთავარი მისია ახლა არის, ბოლომდე მიიყვანოს საკონსტიტუციო სარჩელი. როგორც ვხედავ, ალბათ, მისი ხელწერა არის ეს საკონსტიტუციო სარჩელი და ამას სჭირდება ბოლომდე პასუხისმგებელი. ივანიშვილი ამაზე პირადად ბოლომდე პასუხისმგებლობას ფორმალურად არ აიღებს, ეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს ირაკლი კობახიძეზე. მე რამდენადაც ვიცი, ამ სარჩელთან დაკავშირებით არის უკმაყოფილება და გარკვეული დისკომფორტი „ქართულ ოცნებაში“. ანუ, ირაკლი კობახიძემ უნდა მიიყვანოს ეს სარჩელი ბოლომდე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ცალკეული ადამიანების გადაყვანა მოხდება სხვადასხვა თანამდებობებზე, ისეთ ადგილებზე, სადაც ჩრდილში იქნებიან და ნელ-ნელა გაქრებიან პოლიტიკური ველიდან. მაგალითად, ცალკეული ადამიანები, რომლებიც არიან მდინარაძის მეგობრები და უახლოესი წრის წარმომადგენლები.
ეს ყველაფერი არ აჩვენებს იმას, რომ [პარტიაში] რაღაცები დარეგულირდა და დამთავრდა. მიუხედავადა იმისა, თითქოს, სიურპრიზები არ იყო, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებულია ისე, რომ ნელ-ნელა გამოჩნდება. არ ვიცი, რატომ გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ კვირაში უნდა მოხდეს კობახიძის გადაყენება. მე არ ვიცი რამდენად მართალია, თუ მართალია გამოჩნდება, მაგრამ ასეთ დრამატულ რყევებს თვითონ არ გამოიწვევენ. მე მგონია, რომ პარტიების აკრძალვამდე არანაირი [საკადრო] ცვლილება არ იქნება. პატიების აკრძალვის სარჩელი ვიღაცამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ეს ვიღაცა არის სარჩელის ერთ-ერთი ავტორი და მე ვფიქრობ, სარჩელის ავტორი არის კობახიძე. მან უნდა მიიყვანოს ბოლომდე, მანამდე არაფერს ველი,“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა.