ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას - ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ - დღეს ევროპა საშველია თავად ბრიუსელისგან და ევროკავშირის მესვეურებისგან, რათა ცივილიზაციურ უფსკრულში საბოლოოდ არ გადაიჩეხოს! - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში გამართულ დემონსტრაციებს გამოეხმაურა, რა დროსაც რამდენიმე ქალაქში ადგილი ჰქონდა არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებს.
პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის იმის შედეგი, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს.
პაპუაშვილის თქმითვე, ხელისუფლების მიმართ უნდობლობა იმ ძალადობაში გამოისახა, რასაც ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ვხედავთ.
„ეს არის შედეგი იმისა, რომ ბრიუსელის დიქტატი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებს და აიძულებს მას, რომ საკუთარი ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედონ - იქნება ეს მიგრაციის პოლიტიკა თუ ეკონომიკური პოლიტიკა. ყველა ამ პოლიტიკის შედეგია ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. საბოლოო ჯამში, უკმაყოფილო საზოგადოება მიიღეს. კვლევებიც ადასტურებს, რომ მის მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი - 10%-ის გარშემოა მოსახლეობის ნდობა გერმანიის ხელისუფლების მიმართ, საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ და ყველა წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ. ეს უნდობლობა გამოისახა ძალადობაში, რასაც ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ვხედავთ.
როცა ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელი ევროპას ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, პირდაპირ ჩავიხედეთ, რა არის ეს უფსკრული რასაც ვხედავთ პარიზში - როგორ წვავენ არა მხოლოდ შენობებს, არამედ ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. პირდაპირ ვხედავთ, თუ რას ნიშნავს ევროპის ცივილიზაციური უფსკრული!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.