გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან დანაშაულის ფაქტი რეალურია, გადაღებულია და თავადაც აღიარა

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან დანაშაულის ფაქტი რეალურია, გადაღებულია და თავადაც აღიარა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სქემაში სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც იკვეთებიან და დაცვის მხარეს პოლიტიკური სარჩულის დადების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია.

„ძალიან გაუჭირდება ადვოკატსაც და თვითონ ირაკლისაც დაამტკიცოს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, დაკავებაში, სასამართლო პროცესში და პროკურატურას სხვა არაფერი გააჩნია, თუ არა პოლიტიკური მოსაზრებები, იმიტომ, რომ ფაქტი რეალურია. ეს რეალური ფაქტი მან აღიარა, არა იმიტომ, რომ როგორც შემდგომ მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუწია ხათრი და ანგარიში, არამედ რეალური ფაქტები დაიდო, გადაღებული იქნა. კრიმინალური დანაშაული სახეზეა და არა მარტო ეს დანაშაულია სახეზე, საერთოდ დანაშაულია, როდესაც აი ასეთი ვითარებიდან გამომდინარე შენ კიდევ სხვაც გყავს ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან. აგერ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ავიღოთ, აი ამ დანაშაულებრივ სქემაში. აქ ძალიან ძნელი იქნება თავის მართლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტებსაც ატარებს.

ტრენდი შეიქმნა ასეთი, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენ, მაგალითად 17 მილიონს თუ მოიპარავ ბანკიდან და გადარიცხავ ოფშორულ ზონაში, უნდა თქვა, რომ მე პოლიტიკური პარტია ვარ, პოლიტიკური პარტია შექმნა. მერე უნდა თქვა, რომ აი, ამ რეალობას, რასაც თვითონვე აღიარებენ, მაგალითად კონკრეტული ადამიანები, იმის გამო კი არ ხდება, რომ დანაშაული იქნა ჩადენილი, არამედ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ უნდათ, რომ დაიმალონ.

იგივე ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. დაცვის მხარეს სხვა არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამას ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა. დაცვის მხარე საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ ბრალი მხოლოდ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ზედაპირულ თუ ირიბ ჩვენებებს ეფუძნება, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა. ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს