დასავლეთის მხარდაჭერამ უკრაინაში ომის გაჭიანურება გამოიწვია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროპული ქვეყნები და აშშ არასწორი გათვლებისა და მიდგომების გამო ზარალდებიან, ხოლო არასწორი პოლიტიკური კურსის აღებით ისინი მრავალი ომისა და კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად იქცნენ. დასავლეთის მხარდაჭერამ უკრაინაში ომის გაჭიანურება გამოიწვია“, - განაცხადა არაღჩიმ.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნების ლიდერებმა „თვალები უნდა გაახილონ“ და რეალური სიტუაცია შეაფასონ.
პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ ირანელ კოლეგას უკრაინის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ინფორმაცია გავუზიარე იმ ძალისხმევის შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების უპირობო შესრულების მიზნით ხორციელდება, სასურველია მოლაპარაკებების გზით, თუმცა ამისთვის არც კიევის რეჟიმი და არც მისი ევროპელი მფარველები მზად არ არიან“, - აღნიშნა ლავროვმა.
ასევე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმის.
„უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში არასდროს მიგვიტანია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხებოდა ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი პროდუქციით პირდაპირ ამარაგებენ, რომლითაც შემდეგ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტებს ახორციელებენ“, - განაცხადა ლავროვმა.