საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობა „შინაგანმა რწმენისა და სამოსამართლო სინდისის“ კარნახით დააყენა.
“მე იმ ეტაპზე დავაყენე თვითაცილება, როცა მომიწია საქმესთან უშუალოდ შეხება, მანამდე ის არ იყო ჩემი განხილვის საგანი. ანუ, როდესაც პლენუმზე გადმოვიდა საქმე, მე დავაყენე კანონიდან გამომდინარე ეს შუამდგომლობა, როგორც ჩემმა შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა მიკარნახა", - აცხადებს მანანა კობახიძე „რადიო თავისუფლებასთან“.
მანანა კობახიძის თქმით, თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება მისი „დამოუკიდებელი ნაბიჯი“ იყო და თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ „რადიო თავისუფლებასთან“.
კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს მის პოლიტიკურ წარსულსაც: ის პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.
"ეს არის დეპუტატების სარჩელი, მოსარჩელეთა უმრავლესობა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია და თუკი, ამავე პარტიის დამფუძნებელი წევრი, იმავდროულად პირველი თავმჯდომარე განიხილავდა საქმეს - რაც არ უნდა ფიცი ჰქონდეს დადებული, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში იმგვარ საფუძველს, რაც საზოგადოებაში, ობიექტურ დამკვირვებელში წარმოშობდა კითხვის ნიშნებს?” - ამბობს კობახიძე.
მანანა კობახიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას: „თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას ან სხვაგვარად მოქმედებას“.
მანანა კობახიძის განმარტებით, მან აცილება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მოითხოვა, რაც დასაბუთებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
“პრემიერმა თქვა, ის პოლიტიკოსი რომ იყო წარსულში, 14 წლის წინ და "ქართული ოცნების" დამფუძნებელიო, ეს არ არის საფუძველი აცილებისთვისო, მაგრამ მე ჩემს შუამდგომლობაში და დასაბუთებულ არგუმენტაციაში ვხსნი, რომ აქ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არის, რომ მე პოლიტიკოსი ვიყავი. მე აცილება მოვითხოვე კუმულაციურად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით: კერძოდ, მე ვიყავი [ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს] ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ადვოკატი, არაერთი მწვავე დისკუსია და პოლიტიკური დებატი მქონია საჯარო ტრიბუნიდან, მათ შორის პარლამენტიდან, სადაც ღიად მოვუწოდებდი [ყოფილ ხელისუფლებას] რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ წასულიყვნენ პოლიტიკიდან", - ამბობს მანანა კობახიძე "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
მანანა კობახიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ მის უახლოეს გეგმებზეც ისაუბრა. ის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს.
„ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს აირჩიეს.