სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუმარტეს, პატიმრის მიმართ არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ განხორციელებულა.
რაც შეეხება ფეიქრიშვილის დედის მოთხოვნას მისი შვილის ნახვის თაობაზე, პენიტენციურში განმარტავენ, რომ დავით ფეიქრიშვილს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვედრების უფლება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდული აქვს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მას არც სატელეფონო კომუნიკაციის უფლება ჰქონდა, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სამსახურმა პროკურატურასთან იშუამდგომლა, რათა დავით ფეიქრიშვილს მშობელთან ზარის განხორციელება შესძლებოდა და ის დაემშვიდებინა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ფეიქრიშვილი საპატიმროში სცემეს. როგორც ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, მას შვილთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, რა დროსაც დავით ფეიქრიშვილმა დედა დაამშვიდა და უთხრა, რომ ის თავს კარგად გრძნობდა. აბრამიშვილის განცხადებით, ფეიქრიშვილის ადვოკატიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარგად არის და ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის მიუხედავად, ნინო აბრამიშვილი შვილთან შეხვედრას მოითხოვს, რათა, როგორც მან განმარტა, საკუთარი თვალით ნახოს, რომ დავით ფეიქრიშვილი თავს კარგად გრძნობს. აღნიშნული მოთხოვნით პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების დედა დღეს გლდანის ციხესთანაც იყო მისული.