თუ პარტიები გაუქმდება, იწყება დისიდენტობის ეპოქა, ადამიანისა და სახელმწიფოს დაპირისპირება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ოპოზიციონერის თქმით, აღნიშნული ძირს უთხრის საქართველოს, როგორც თანამედროვე და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ქართული ოცნების” ქმედებები აუქმებს არა პარტიებს, არამედ რეალურად საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხმის უფლებას ართმევს.
უფრო მეტიც, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ პროცესები რეალურად სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება და მიზნად ისახავს არა მხოლოდ პოლიტიკური ნების გაუქმებას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აგრესორად გამოცხადებას, რაც ევროპულ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას საბოლოოდ შეუძლებელს გახდის.
„ყველას გვესმის, რომ რეალურად სამართლებრივი ბრძოლა არ არსებობს. არავინ არ ელოდება იმას, რომ ადვოკატები სიტყვას იტყვიან, ბრალმდებლები სიტყვას იტყვიან და მოსამართლეები ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს სარჩელი ჩვენ ალბათ, ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ბრალდებაში მოყვანილი ე.წ. ფაქტები, თითქოს საქართველოს ხელისუფლება 2004-2012 წლებში ხელს უწყობდა აქ რუსეთის დომინაციას, რუსეთის შემოსვლას, რაც არის რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი დავალება, პირდაპირ იმეორებს მტკიცებას, რაც რუსეთს ყველგან ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. პოლიტიკური რეფრენი, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ახლა უკვე ამის კონსტიტუციურ ჩარჩოში შეტანის მცდელობაა. რუსეთის სურვილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ აღიაროს, რომ საქართველო თითქოს არის აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, რაც არის უმძიმესი დარტყმა და თაობების ღალატი, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
მეორე, პრაქტიკულად თვით „ქართული ოცნების“ დათვლით, მილიონამდე ადამიანის პოლიტიკური ნების აკრძალვა ხდება. თუ ამას დავუმატებთ ქვეყნიდან წასული ასობით ათასი ადამიანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას, რეალურად ხდება საქართველოს მოქალაქის გაუქმება. ამიტომ, ერთი მხრივ, ეს არის რუსული წესრიგის აღდგენის მცდელობა, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის გაუქმება და მეორე მხრივ, ეს არის იმ ტიპის თავდასხმა დემოკრატიაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის, საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს არსებობას და მის ინტეგრირებას ევროპულ სივრცეში.
თუ პარტიების გაუქმება მოხდება, დისიდენტების ეპოქა მოდის. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, ცხადია, იწყება დისიდენტობის ეპოქა, იწყება ადამიანის და სახელმწიფოს დაპირისპირება ერთმანეთთან, სიმართლის და ბოროტების დაპირისპირება ერთმანეთთან. ახლა პოლიტიკურ პარტიებს კი არ აუქმებენ, აუქმებენ საქართველოს მოქალაქეს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაურმა გადაცემაში პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შევიდნენ პარლამენტში, მათი ლიდერი ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო თავად ცემა-ტყეპის ობიექტად არიან ქცეული.
„მისი[გიორგი გახარია] პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში და ლოგიკა ის იყო, რომ მოდი, გამოვიყენოთ ტრიბუნა. როგორც ადრე ზოგიერთები ამბობდნენ, რომ შევიდეთ კომუნისტურ პარტიაში და შიგნიდან დავანგრიოთ, ეს არის წარმოუდგენელი სიბრიყვე, რომ შენ დიქტატურაში მის მიერ შექმნილ შემოღობილ ვითარებაში, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეხვალ სადმე და რამეს გააკეთებ. ხომ ვნახეთ, რაც მიიღეს? მას შემდეგ, რაც შევიდნენ პარლამენტში, მათი ლიდერი ქვეყნიდანაა გაქცეული, თვითონ სცემეს იმ პარლამენტში, არ არსებობს რაიმე საკითხი, რომლითაც გამოვლენ და ვინმე გაითვალისწინებს. ბოდიში და შენ რომ ყველაფერს „გაუპრავებ“ და მაინც რომ გაგაგდებენ ქვეყნიდან, მაინც რომ ცემა-ტყეპის ობიექტი ხარ, ამაზეა აქ საუბარი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ეს ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს, „რახან ძალა არ აქვს, ამიტომაა, რომ ებრძვის ჟურნალისტებს“.
„აი, ამ ვითარებისკენ მივდივართ ჩვენ, რომ „ფეისბუქ“ პოსტების გამო შეიძლება ადამიანები ციხეში ჩასვან, ტროტუარზე დგომის გამო ჩასვან ციხეში. ეს თითქოს ძლიერებაა, მაგრამ ამავე დროს, აქ ჩანს ძალიან დიდი უძლურება იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ როდესაც პოლიტიკური ძალა ჰქონდა, კანონებს კი არ ამკაცრებდა, უფრო ლიბერალურს ხდიდა, რადგან გრძნობდა, რომ სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ ხიშტი არ სჭირდებოდა. დღეს რახან ძალა არ აქვს, ამიტომაა, რომ ებრძვის ჟურნალისტებს, პატარა ბავშვსაც და ჯარისკაცსაც“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.