რუსეთმა ხარკოვის ოლქში საშინელი დარტმა განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდებარე პარკში „შაჰედის“ ტიპის დრონით დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე განახორციელეს.
„დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. საბავშვო ეტლში მყოფი პატარა გოგონა დაიღუპა, სახელად ანგელინა, რომელიც ერთ წელზე ოდნავ მეტის იყო. დედამისის სახელი ინა იყო. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაღუპული გოგონა 11 წლის იყო. 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას მხარს უჭერს და რუსული დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში ეხმარება.
„ფოტოები საშინელია, თუმცა მათ მიღმა განადგურებული ცხოვრება და ამ ომის სიმართლეა. ადამიანების სიცოცხლე უნდა დავიცვათ. უკრაინას საჰაერო თავდაცვა სჭირდება. შეუძლებელია რუსეთთან ფულის კეთებაზე ფიქრი, როცა ის ამ უგუნურ ომს აგრძელებს. ვითხოვთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩეს, ვიდრე მკვლელობები გრძელდება. ვთხოვთ ამერიკას, რომ ძლიერი იყოს და „ლინდსი გრემის კანონი“ აამოქმედოს. ევროპას მხარდაჭერის გაგრძელებას ვთხოვთ. უკრაინას მშვიდობა სურს. სწორედ რუსეთია, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მკვლელობებს აგრძელებს. მსოფლიოს ომის შესაჩერებლად საკმარისი ძალა აქვს. ეს ძალა მკვლელების წინააღმდეგ საბოლოოდ უნდა იქნას გამოყენებული“, - აცხადებს ზელენსკი.