თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 45 ათასი აღსაზრდელისთვის, საახალწლოდ, სასაჩუქრე ნაკრებს 649 350 ლარად შეისყიდის.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, შესყიდვა განხორციელდება იმ კომპანიასთან, რომელმაც ბაზრის კვლევის საფუძველზე წინადადება წარადგინა, ასეთი კი შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიაა“.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია ვალდებულია დაფასოებული სასაჩუქრე ნაკრები, საახალწლო ღონისძიებების დაწყებამდე, 2026 წლის 30 ნოემბრიდან - 2026 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით მიაწოდოს თბილისის საჯარო-ბაგა ბაღებს. საახალწლო ღონისძიებები კი ბაღებში დაგეგმილია 2026 წლის 14 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
„საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები (ტკბილეული) გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის 191 საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეული აღსაზრდელისთვის - სულ 45000 ცალი, საახალწლო საჩუქრად, რომელიც აღსაზრდელებს ყოველწლიურად გადაეცემათ საახალწლო ზეიმის დროს. საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების (ტკბილეული) შესყიდვაზე 2026 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 2026 წლის 6 ოქტომბერს დასრულდა უარყოფითი შედეგით. სწორედ ამიტომ დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება.
შიდა ბაზარზე შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და 7 ოქტომბერს გამოცხადდა ბაზრის კვლევა. წინადადებების მიღების დასრულების ვადაში დაფიქსირდა ერთი კომპანიის - შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ შემოთავაზება, ღირებულებით 649 350 ლარი. ბაზრის კვლევის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინადადებების მიღების დასრულების დღესვე, კომპანიას 1 სამუშაო დღის ვადაში მოეთხოვა შესყიდვის ობიექტის ნიმუშების წარმოდგენა, რომელიც მათ მიერ მოწოდებულ იქნა 2026 წლის 13 ოქტომბერს. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნიმუშები განხილულ იქნა 2026 წლის 15 ოქტომბერს და დადასტურდა მათი შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან“,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.