სამხრეთ კორეა უკრაინაში საელჩოდან დამატებით პერსონალს გაიწვევს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების ირგვლივ შექმნილი დავის შესახებ უწყებამ კიევიდან „კონსტრუქციული პასუხი“ ვერ მიიღო, რის შემდეგაც, სამინისტრომ უკრაინიდან საელჩოს დამატებითი პერსონალის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი პაკ კი-ჩანი გაიწვია.
სეულსა და კიევს შორის ურთიერთობა მას შედეგ დაიძაბა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა ინფორმაცია უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიუნმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინისგან ბოდიში მიიღო, თუმცა ეს ბოდიში სეულის მოლოდინებს „არ აკმაყოფილებდა“.